თბილისის „დინამომ“ კონფერენს ლიგაში გამოსვლა სრული კრახით დაასრულა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა შინ ვილნიუსის „ჟალგირისი“ 3:0 დაამარცხა, ხოლო სტუმრად 2:7 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა. „დინამომ“ არსებობის ისტორიაში ევროთასებზე 7 გოლი პირველად გაუშვა.
მატჩის მე-8 წუთზე ბოსნიელმა ნუმან კურდიჩმა თავის ნახევარზე თავით ცუდი პასი გააკეთა და ბურთი პეტკოვიჩს დარჩა, რომლის დარტყმული გიორგი ლორიამ მოიგერია, მაგრამ ალექსანდრე კალანდაძემ საჯარიმოში გოლუბიცკასი წააქცია, რასაც პენალტი მოჰყვა. პეტკოვიჩმა თერთმეტმეტრიანი დაარტყა და ბურთი კარს გადააცილა.
22-ე წუთზე ტრავმის გამო მოედანი დინამოელთა კვიპროსელმა მცველმა ფსალტისმა დატოვა და მის ნაცვლად თამაშში ფრანგი ჰოური ჩაერთო. თბილისელებს ლიეტუვაში კუნთის ტრავმის გამო უკანახაზელი ნიკოლოზ უგრეხელიძე ვერ დაეხმარა, რომელმაც პირველ შეხვედრაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
25-ე წუთზე გოლუბიცკასმა „დინამოს“ საჯარიმოში ბილენკი მოძებნა, რომელმაც თავის ყოფილ გუნდს გაუტანა. მე-40 წუთზე თორნიკე კვაარცხელიამ „კედელი“ დო კოუტუსთან გაითამაშა და საჯარიმოში შესულს მცველმა არ დაარტყმევინა, მაგრამ ბურთო ლეო სანტუშს მიუვიდა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გაათანაბრა.
57-ე წუთზე ლიტვინენკომ დაახლოებით 18 მეტრიდან სახიფათოდ დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. 59-ე წუთზე „დინამოს“ საჯარიმოში ფრანკე კობა კაკაშვილს გაცდა და პასი კარის წინ გახსნილ პეტკოვიჩს გაუკეთა, რომელმაც ლიეტუველები დააწინაურა.
61-ე წუთზე თბილისელთა საჯარიმოში მყოფი პეტკოვიჩის ძალიან სახიფათო დარტყმული ლორიამ მოიგერია, ხოლო ნიკა ნინუას თავიდან ბურთი ტეიშეირას მიუვიდა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
72-ე წუთზე კურდიჩისგან ბურთი მათე ვაწაძემ მიიღო და დაახლოებით 22-23 მეტრიდან „ცაციათი“ შორეულ კუთხეში შეაგდო. 74-ე წუთზე ლორიამ „ჟალგირისის“ ფეხბურთელის მიერ ახლო მანძილიდან თავით დარტყმული კი მოიგერია, მაგრამ უმეთვალყურეოდ დაღჩენილმა პეტკოვიჩმა ბურთი ცარიელ კარში გაიტანა. 82-ე წუთზე „დინამოს“ დაცვის ხაზის მორიგი ჩავარდნით ბილენკიმ ისარგებლა და მასპინძლები 3 ბურთით დააწინაურა. 88-ე წუთზე „ჟალგირისის“ კონტრშეტევა გოლით მიხაილოვიჩმა დაასრულა. 90-ე წუთზე ბილენკიმ დაახლოებით 25 მეტრიდან ბურთი „ცხრიანში“ გაახვია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.„ჟალგირისი“ (ვილნიუსი) – „დინამო“ (თბილისი) 7:2 (1:1)
30 ივლისი. ვილნიუსი. ლიეტუვის ფეხბურთის ფედერაციის სტადიონი.
„ჟალგირისი“: შარკაუსკასი, სესპლაუკისი (უპსტასი, 90+3), ლუპანო, ბოსანჩიჩი, ფრანკე, ლიტვინენკო, კენდიში (კ), გოლუბიცკასი (მიხაილოვიჩი, 84), ბილენკი, ტეიშეირა, პეტკოვიჩი (კაპანი, 90+3),
მთავარი მწვრთნელი: ანდრიუს სკერლა.
„დინამო“: ლორია (კ), პსალტისი, კურდიჩი, კალანდაძე, ლეო სანტუში, ოსეი, ნინუა, კაკაშვილი (ვაწაძე, 69), დო კოუტუ, ბა, კვარაცხელია (ტკალია, 60).
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
გოლები: 1:0 ბილენკი (25), 1:1 ლეო სანტუში (40), 2:1 პეტკოვიჩი (59). 3:1 ტეიშეირა (61). 3:2 ვაწაძე (72), 4:2 პეტკოვიჩი (74), 5:2 ბილენკი (82), 6:2 მიხაილოვიჩი (88), 7:2 ბილენკი (89).
მე-9 წუთზე პეტკოვიჩმა პენალტი ვერ გაიტანა (ააცილა)
გაფრთხილება: კალანდაძე (8), ლუპანო (56), ბოსანჩიჩი (62), დო კოუტუ (68), ლორია (74), ბა (76), კენდიში (90+1), ვაწაძე (90+7).
მთავარი მსაჯი: ვიატკო ილოსკი (მაკედონია)
ლაშა თაბაგარი





