ინფრასტრუქტურის სამინისტროს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყანის მასშტაბით 54-მდე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის პროექტირება-მშენებლობის პროცესები მიმდინარეობს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და პირველმა ვიცეპრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, იმერეთის რეგიონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობები მოინახულეს.
საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს – ჭიათურაში, ზესტაფონსა და ვანში. სადაც თითოეული პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო მოედანი, აშენდება 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, სპორტსმენებისთვის განკუთვნილი გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და დამატებითი ტექნიკური სათავსოები.
ასევე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა წყალტუბოში უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტის ავტორებთან, რომლებიც ამჟამად უეფას III კატეგორიის სტანდარტების შესაბამის, არანაკლებ 6,000 მაყურებელზე გათვლილ ახალი სტადიონის პროექტირებას ახორციელებენ.
იმერეთის რეგიონამდე, მხარეებმა ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებს მშენელობაც ადგილზე მოინახულეს.
ლევან კობიაშვილი: “ჩვენი ფეხბურთის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეში მონაწილე თითოეულ ადამიანს, მინდა მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებით საქართველოს მთავრობას, პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ინფრასტრუქტურის მინისტრს რევაზ სოხაძეს და მუნიციპალური განვითარების ფონდს. სწორედ საქართველოს მთავრობის დავალებით ახორციელებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ყველა სტადიონი შენდება უეფას სტანდარტების გათვალისწინებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით.
ახლო წარსულში, საქართველოში ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლებმაც ჩვენი ფეხბურთის განვითარების საქმეში დიდი როლი ითამაშეს, ხოლო ბოლო წლებში მიღწეულმა სპორტულმა წარმატებებმა კიდევ უფრო მეტი ბიძგი მისცა იმას, რომ დღეს ჩვენ ქვეყანაში ფეხბურთის მიმართ განსაკუთრებულად მზარდი ინტერესი არსებობს და შესაბამისად, ფეხბურთს განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს.
მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ისევე როგორც სხვა მხარდამჭერი ინიციატივები კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს საქართველოში მასობრივი, ბავშვთა და ქალთა ფეხბურთის მიმართულებების განვითარებას”.
ლაშა თაბაგარი





