თბილისის „დინამო“ უეფას კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თემურ ქეცბაიას შეგირდებმა ვილნიუსის „ჟალგირისს“ უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით დაამარცხეს. თბილისელებმა მეტოქეს ყველა ასპექტში აჯობეს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და უფრო დიდი სხვაობით გამარჯვებაც შეეძლოთ.
მატჩი მე-4 წუთზე ნიკა ნინუამ დაახლოებით 18 მეტრიდან დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა. თუმცა, „დინამოს“ შეტევა გაგრძელდა და ბრაზილიელმა ლეო სანტუშმა დაახლოებით იმავე მანძილიდან ბურთი კარის ბადეს გარედან მოახევდრა.
მე-11 წუთზე თორნიკე კვარაცხელია ლიეტუველთა ნახევარზე ოთხ მოთამაშეს გაცდა და საჯარიმოში მარჯვნიდან გახსნილი ლეო სანტუში მოძებნა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან სუსტად დაარტყა, რის გამო, მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქსირა.მე-13 წუთზე ფრანგმა დო კოუტუმ მეკარესთან პირისპირ ლეო სანტუში დატოვა, რომლის დარტყმული ბურთი შარკაუსკასმა ფეხით მოიგერია. მარცხენა ფლანგიდან სტანდარტული ნინუამ შეასრულა და „ჟალგირისის“ მცველმა თავით ბურთი ცუდად მოიგერია, რასაც შარკაუსკასის კარიდან გაუმართლებელი გამოსვლა მოჰყვა, რითაც „დინამოს“ ბოსნიელმა ცენტრალურმა მცველმა ნუმან კურდიჩმა კარგად ისარგებლა და თავით ანგარიში გახსნა.
21-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი ლეო სანტუში ერთ მეტოქეს გაცდა და დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი უკუაგდო.
25-ე წუთზე ნინუამ საუცხოო პასით შარკაუსკასთან პირისპირ ლეო სანტუში გაიყვანა, რომლის დარტყმული მეკარემ მოიგერია, თუმცა, ბურთი ისევ ბრაზილიელს მიუვიდა, რომელმაც „ჟალგირისის“ კარი აიღო.
30-ე წუთზე ნინუამ დაახლოებით 20 მტრიდან საჯარიმო დარტყმ შეასრულა და მეკარის ხელიდან ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ხოლო ნიკა უგრეხელიძემ ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში „დინამომ“ შედარებით უკან დაიხია და თამაში კონტრშეტევაზე ააწყო. მატჩის მიწურულს დო კოუტუ მეტოქის კარს ოეჯერ სახიფათოდ დაემუქრა, მაგრამ მეკარემ იყოჩაღა.
„დინამო“ საპასუხო შეხვედრას ლიეტუვაში 30 ივლისს ჩაატარებს.
„დინამო“ (თბილისი) – „ჟალგირისი“ (ვილნიუსი) 3:0 (3:0)
23 ივლისი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
„დინამო“: ლორია, ფსალტისი (ციკოლია, 80), კურდიჩი, უგრეხელიძე, კალანდაძე (ვაწაძე, 80), ოსეი (კაკაშვილი, 63), ნინუა, ლეო სანტუში, დო კოუტუ (ტკალია, 80), კვარაცხელია ( ხარაბაძე, 58), ბა.
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
„ჟალგირისი“: შარკაუსკასი, შეშპლაუკისი, ლუპანო, ბოსანჩიჩი, ფრანკე (მამაცაშვილი, 79), ლიტვინენკო (კაპანი, 68), კენდიში, გოლუბიცკასი (მიხაილოვიიჩი, 79), ბილენკი, ტეიშეირა (იარუსევიჩუსი, 89), პეტკოვიჩი (ვარეიკა, 68).
მთავარი მწვრთნელი: ანდრიუს სკერლა.
გოლები: 1:0 კურდიჩი (14), 2:0 ლეო სანტუში (26), 3:0 უგრეხელიძე (30).
გაფრთხილება: ფრანკე (36), ლუპანო (44), კაპანი (74).
მთავარი მსაჯი: რობინ ჰენსგენსი (ნიდერლანდები)
ლაშა თაბაგარი





