საბა ხარებაშვილის ოფიციალური დებიუტი თურქეთის „ბაშაქშეჰირში“ გადაიდო. კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სტამბოლელებმა ფინეთის ტურკუს „ინტერი“ მიიღეს და გუნდებმა გოლები გაცვალეს – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, რომელიც „ბაშაქშეჰირს“ მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა, განაცხადში არ იყო. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ფინეთში 30 ივლისს შედგება.
ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა, რომელიც „ანდიჟანის“ შემადგენლობაში უზბეკეთის ჩემპიონატში სადებიუტო სეზონს ატარებს, თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. სუპერლიგის მე-13 ტურში „ანდიჟანი“ სტუმრად ტაშკენტის „ლოკომოტივს“ შეხვდა და ქულა აიღო – 3:3.
ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 68-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 0:2 აგებდნენ, ფინტით ერთი მეტოქე ჩამოიცილა, რის შემდეგ ეფექტური დარტყმით ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. 89-ე წუთზე ანდრონიკაშვილმა კარგი პასი მეტოქის საჯარიმოში კარიმოვი მოძებნა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა.
27 წლის ანდრონიკაშვილმა მიმდინარე სეზონში უზბეკეთის ჩემპიონატში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. მან 13 მატჩი სასტარტოში დაიწყო და 11-ჯერ არ შეუცვლიათ. „ანდიჟანი“ 17 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი





