„იბერიას“ მესამე ეტაპზე გასვლის შანსი ძალიან შემცირდა

0
1

თბილისის „იბერიას“ ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შანსი ძალიან შემცირდა. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა გუნდმა „მიხეილ მესხზე“ სლოვაკეთის ჩემპიონ ბრატისლავას „სლოვანს“ უმასპინძლა და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა. დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე საქართველოს ჩემპიონს ერთი კვირის შემდეგ სტუმრად ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან გაუჭირდება.
მატჩის მე-5 წუთზე სლოვაკების საჯარიმოში მარცხნიდან შესული ანდრია ბართიშვილი ერთ მცველს გაცდა და პასი კარის წინ მდგომ ვახო ბედოშვილს გაუკეთა, რომელმაც გაიტანა. შვეიცარიელმა არბიტრმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და ბედოშვილზე თამაშის მდგომარეობა დააფიქსირა და შესაბამისად გოლიც გაუქმდა.
მე-14 წუთზე „სლოვანის“ ფეხბურთელებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს და მეაკრესთან პირსპირ მაროში დატოვეს, რომლის დარტყმული ბურთი გიორგი მაკარიძემ ხელებში დააფიქსირა.
25-ე წუთზე კრუზმა მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და მცველებისგან უმეთვალყურეოდ დარჩენილმა მაროშმა ახლო მანძლიდან თავით თბილისელთა კარი აიღო – 0:1.
32-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა მაროშმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც კარისკენ ზურგით მდგომმა ირაჯანგმა „მაკრატელა“ გაიტანა – 0:2. შესვენებამდე „იბერია“ ცდილობდა სტუმართა კართან ვითარება გაემწვავებინა, მაგრამ ვერაფრით იხეირა.
49-ე წუთზე ბართიშვილმა, რომელმაც პირველ ტაიმში არაერთი დრიბლინგი განახორციელა, „სლოვანის“ ნახევარზე ოთხ მეტოქეს გაცდა და დაარტყა – ბურთ კარს მცირე მანძილით გადაცდა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ლუქსემბურგელმა მცველმა ვაჰიდ სელიმოვიჩმა დაახლოებით 30 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და სლოვაკთა მეკარემ ბურთი ხელებში მეორე ცდაზე დააფიქსირა.
63-ე წუთზე ბართიშვილმა ძალიან კარგი პასი მისცა „სლოვანის“ საჯარიმოში შეტევაში ჩართულ მცველ გიორგი ქობულაძეს, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა, მცველს გაცდა და ვარდნაში ბურთი კარში გადაგზავნა. მსაჯმა ეპიზოდი ისევ VAR-ზე შეამოწმა და გოლი არ ჩათვალა. 76-ე წუთზე სელიმოვიჩმა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო და შეცვალეს. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „იბერია“ საპასუხო შეხვედრას ბრატისლავაში 28 ივლისს ჩაატარებს, რომელიც საქართველოს დროით 22:15 საათზე დაიწყება.
თუ „იბერია“ ბრატისლავას „სლოვანის“ ბარიერს დაძლევს, მაშინ შვედეთის „მიალბიუსა“ და გიბრალტარის „ლინკოლნ რედ იმპსს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. მე-3 ეტაპის პირველი მატჩები 4-5 აგვისტოს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 11-12 აგვისტოს.
ორი მატჩის ჯამში „სლოვანთან“ მარცხის შემთხვევაში, „იბერია“ ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება, სადაც სერბეთის „ცრვენა ზვეზდას“ და ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნსს“ შორის წაგებულს დაუპირისპირდება. ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 6 აგვისტოს შედგენა, საპასუხო კი – 13 აგვისტოს.
„იბერია“ (თბილისი) – „სლოვანი“ (ბრატისლავა) 0:2 (0:2)
21 ივლისი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
„იბერია“:
მაკარიძე, ქობულაძე (ალჰასანი, 85), ამისულაშვილი, სელიმოვიჩი (ბოჭორიშვილი, 76), ჯინჯოლავა (კ), დადიანი, ბართიშვილი (კუცია, 67), ქარდავა,  ბედოშვილი (კაფე, 76), ნაჭყებია, სიხარულაშვილი (ენდე, 85)
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო.
„სლოვანი“: ტაკაჩი, ბაირიჩი, ვიმერი, კრუსი, მედვედევი, მუსტაფიჩი (გაიდოში, 56), პოკორნი, იბრაჰიმი (მაცუოკა, 80), მაროში (ზუბერუ, 80), შპორარი (კ)(კუხარევიჩი, 65), ირაჯანგი (ბლექმენი, 65).
მთავარი მწვრთნელი: იაია ტურე.
გოლები: 0:1 შპორარი (25), 0:2 ირაჯანგი (32).
გაფრთხილება:
მუსტაფიჩი (2), მაკარიძე (25), ამისულაშვილი (44), მედვედევი (67), გაიდოში (73).
მთავარი მსაჯი: ლუკას ფანდრიხი (შვეიცარია)
ლაშა თაბაგარი