სკალონი: „ფეხბურთში ცხოვრების მსგავსად ბოლომდე უნდა დაიხარჯო“

0
2

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისთან 2:1 გამარჯვების და ზედიზედ მეორე ფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა, რომ ფეხბურთში ცხოვრების მსგავსად ბოლომდე დახარჯვაა საჭირო.
„მადლობა ფეხბურთელებს, რადგან მათ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. განსაკუთრებით მინდა ისინი ვახსენო, რომლებიც არ თამაშობენ და გუნდს სათადარიგოთა სკამიდან ქომაგობენ.
საუცხოო გუნდი გვყავს. მათ ვინც განვლილ მატჩში შეცვლაზე შევიდნენ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. ფეხბურთში ცხოვრების მსგავსად ბოლომდე უნდა დაიხარჯო. ეს გუნდი უკეთესად თამაშობს, როდესაც სირთულე ექმნება.
ბურთი კარში არ არ მოხვედრილიყო, ჩვენ 0:1 წავაგებდით შვიდი საგოლე მომენტის შექმნის ფონზე. თუმცა, ბოლომდე არ დავნებდით. ვფიქრობდით, რომ ეგვიპტესთან საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ამ თამაშმა ის დაპირისპირება გადაწონა. მოთამაშეები პასუხისმგებლობის ტვირთს არ გრძნობენ. წარმატებულები მოგების გამო არ ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა სიტუაციებს როგორ ვუმკლავდებით.
მინდა, რომ ხალხმა ჩემზე კარგი იფიქროს, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ ეს არ მაღელვებს. ჩემი მოტივაცია ამაში არაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეებმა მოედანზე თავი კარგად წარმოაჩინონ და მომავალი გვქონდეს. ჩემი აზრით დასამხურებულად გავიმარჯვეთ და იმისთვის ზმად ვართ, რაც წინ გველოდება“ – იუწყება არგენტინული მედია მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის სკალონის ნათქვამს.
განვლილ მატჩში ანგარიში 55-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მორგან როჯერსმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და ენტონი გორდონმა მცველს დაასწრო, რის შემდეგ ბურთი არგენტინელთა კარში ერთი შეხებით გადაგზავნა. 85-ე წუთზე არგენტინელებმა კუთხური გაითამაშეს და ლიონელ მესის გადაცემის შემდეგ, ენრცო ფერნანდესმა დაახლოებით 27-28 მეტრიდან ძლიერი დარტყმით ინგლისელთა კარი აიღო. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე მესიმ მარჯვნე ფრთიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა ლაუტარო მარტინესმა თავით გამარჯვების გოლი შეაგდო.
არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მეშვიდედ გავიდა და ბრაზილიას დაეწია. უკეთესი შედეგი მხოლოდ გერმანიას აქვს, რომელმაც ფინალში 8-ჯერ ითამაშა. არგენტინა ბრაზილიის მერე მეორე გუნდია, მუნდიალების ფინალში ზედიზედ ორჯერ გასვლა ორჯერ მოახერხა. მანამდე, არგენტინელებმა ფინალში 1986 და 1990 წლებში ითამაშეს. ბრაზილიამ ეს 1958 და 1962, ასევე 1994 და 1998 წლებში შეძლო. მესიმ მიმდინარე ტურნირზე 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა, რის წყალობით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირობა ფაქტობრივად გარანტირებული აქვს.
მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა ფინალში ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება, რაც მუნდიალების ისტორიაში პირველადაა. მომავალი მატჩში კვირას 19 ივლისს ნიუ-ჯერსიში „მეტლაიფ სთედიუმზე“ გაიმართება და საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ინგლისის მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში საფრანგეთს მაიამიში „ჰარდ როქ სთედიუმზე“ ეთამაშება. დაპირისპირება სტარტს თბილისის დროით 19 ივლისს ღამის პირველ საათზე აიღებს.
ლაშა თაბაგარი