ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ქუთაისის “ტორპედომ” კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა – ბულგარელი მცველი მატეო სტამატოვი. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“27 წლის ბულგარელი მარცხენა მცველი მატეო სტამატოვი “ტორპედოში” ითამაშებს. მან სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა. კარიერის განმავლობაში სტამატოვი ესპანეთის, ბულგარეთისა და რუსეთის ჩემპიონატებში ასპარეზობდა. საფეხბურთო კარიერა “ესპანიოლის“ აკადემიაში დაიწყო, სადაც 7 წელზე მეტი გაატარა, მოგვიანებით კი “ლევსკი სოფიას“, “ორენბურგის“, “პარი ნიჟნი ნოვგოროდისა“ და “სეპტემბრი სოფიას“ ღირსებას იცავდა.
სტამატოვი ბულგარეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ხოლო 2022 წელს პირველად გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში”.
“ტორპედო” კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ხვალ სტუმრად აზერბაიჯანის “ზირესთან” ჩაატარებს,
ლაშა თაბაგარი





