ალფარო: „26 მეომარი ლეგენდები გახდნენ“

0
2

პარაგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო ალფარომ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში გერმანიასთან პენალტების სერიაში მოგების მერე თქვა, რომ მისი 26 მეომარი ლეგენდები გახდნენ.
„ჩვენ წინასწარ დამარცხებულად თავს არასოდეს მივიჩნევთ. ამ მატჩისთვის 26 მეომარი მივიდა და ლეგენდები გახდნენ. ტურნირის პირველ მატჩში აშშ-სთან მარცხის შემდეგ სათანადო დასკვნა რომ არ გაგვეკეთებინა, მაშნ გერმანიასთან შეხვედრისთვის ვერ მოვემზადებოდით.
მოთამაშეებს ვუთხარი, რომ დაუვიწყარი საღამო გვქონდა. როგორც მათ შემთხვევაში ხშირად ხდევა, იოლად არაფერი გვეძლევა – პენალტების სერიის ჩათვლით.
კანალე (გადამწყვეტი პენალტის ავტორი, რედ.) ცხოვრებაში ნამდვილი გმირია და ბევრი სირთულე გადაიტანა. ასეთი საღამო ერთ-ერთი საჩუქარია, რომელსაც ცხოვრება გაძლევს. ეს ღმერთის სამართალი იყო“ – იუწყება არგენტინელი სპეციალისტის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილი მატჩის 42-ე წუთზე პარაგვაელებმა მეტოქის ნახევარზე კარგი კომბინაცია გაითამაშეს და მარჯვენა ფლანგიდან გალანსამ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა ენსისომ თავით გერმანელთა კარი აიღო.
54-ე წუთზე ვირცმა მარცხენა ფლანგიდან ბურთი პარაგვაელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ჰავერცმა მცველს დაასწრო და თავით ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ძირითადმა და დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო პენალტების სერიაში პარაგვაიმ 4:3 გაიმარჯვა. გერმანიის ნაკრები არსებობის ისტორიაში მუნდიალზე პენალტებში პირველად დამარცხდა. მანამდე, ბუნდესნაკრებმა ზედიზედ ოთხი სერია მოიგო.
ლაშა თაბაგარი