გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 40 წლის ბერძენი დიამანტის ვავალისის დებიუტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მე-19 ტურში გორელებმა გათამაშების ლიდერი „რუსთავი“ მიიღეს და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, შოთა შეყილაძემ სტუმართა საჯარიმოს ხაზიდან შორეულ „ცხრიანში“ ეფექტური გოლი გაიტანა – 1:0. 68-ე წუთზე „დილას“ კონტრშეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი გვინეელი მოჰამედ კანტე ფინტით ბრაზილიელ მცველს დავიდ ოლივეირას გაექცა და „ცაციათი“ მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაიტანა – 2:0. 75-ე წუთზე ოლივეირამ ბურთი თავის კარში ჩაჭრა და ეს გოლი მატჩში საბოლოო აღმოჩნდა – 3:0.
გია ცეცაძის გაწვრთნილ „რუსთავს“ 31 ქულა და მარცხის მიუხედავად 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა. „დილა“ 26 ქულით მეექვსეა.
გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილმა “ტორპედომ” ზედიზედ სამი თამაშის წაგების შემდეგ, სახლში თბილისის “სპაერთან” ქულები გაიყო – 0:0. “ტორპედო” 27 ქულით მეოთხეა, ხოლო ანზორ კიღურაძის დამოძღვრილი “სპაერი” 22 ქულით მერვეა.
ლაშა თაბაგარი





