„მეშახტემ“ მარცხიანი სერია დაასრულა

0
1

ტყიბულის „მეშახტემ“, რომელსაც ლადო ბურდული წვრთნის, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 8-მატჩიანი მარცხიანი სერია შეწყვიტა. მე-18 ტურში ტყიბულელებმა „გაგრას“ უმასპინძლეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. ცნობისთვის, 27 აპრილს ტყიბულელებმა სწორედ „გაგრასთან“ მატჩი 1:1 დაასრულეს და მას მერე ქულა მხოლოდ დღეს აიღეს.
51-ე წუთზე „გაგრას“ შეტევის დროს ალექსანდრე ფეიქრიშვილმა ბურთი მარცხენა ფლანგზე ბრაზილიელ პედრო ბორჟესს გადააწოდა, რომელიც ცენტრისკენ შეიწია და ორ მეტოქეს გაცდა, რის შემდეგ დაბალ კუთხეში დარტყმით ანგარიში გახსნა.
61-ე წუთზე გიორგი ბურდულმა ბურთი მეტოქის ნახევარზე ჩაჭრა და პასი „გაგრას“ საჯარიმოში გააკეთა, სადაც მცველმა შეცდომა დაუშვა, ხოლო ბოსნიელმა ტარიკ შიკალომ საპასუხო ბურთი გაიტანა.
„გაგრამ“ თამაში 10 კაცით დაასრულა, რადგან მცველმა გელა სადღობელაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის გაწვრთნილი „გაგრა“ 21 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინაა, ხოლო „მეშახტე“ 11 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი