კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურის დასკვნით შეხვედრაში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა თბილისის „დინამომ“ წყალტუბოს „სამგურალი“ დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე მიიღო და ორბურთიანი სხვაობით აჯობა.
მატჩის 52-ე წუთზე „სამგურალის“ შეტევის დროს ცოტნე ბერელიძემ მასპინძლების საჯარიმოში ბრაზილიელი ველისოლი მოძებნა, რომლის დარტყმის შემდეგ მიხეილ მაქაცარიას ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა და კარში აღმოჩნდა – 0:1.
მე-11 წუთზე საბა ხარებაშვილმა მარცხენა ფლანგიდან სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მათე ვაწაძემ მკერდით „დაუგდო“ ბურთი პორტუგალიელ როდრიგუ რამუშს, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
მე-15 წუთზე ჯარიმის შესრულების დროს ნიკა ნინუამ საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი და ალექსანდრე კალანდაძემ თავით გაიტანა – 2:1. 37-ე წუთზე მარჯვნიდან შეტევაში ლევან გეგეჭკორი ჩაერთო და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა ველისოლმა თავით ანგარიში გაათანაბრა – მაქაცარიამ „დინამო“ ვერც ამჯერად გადაარჩინა 2:2.
48-ე წუთზე „სამგურალის“ საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა ხარებაშვილმა პასი ბრაზილიელ ლეონარდუ სანტოსს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით მეტოქის კარი აიღო – 3:2. 63-ე წუთზე განელმა ბარნს ოსეიმ პასი საჯარიმოში ჰალიდ დოლტმურზიევს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა, ხოლო მეორეთი ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 4:2.
79-ე წუთზე განელი აბდულაე იორო წყალტუბოელთა მცველს გაექცა და დაახლოებით 18 მეტრიდან შორეულ კუთხეში დარტყმით შეაგდო. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ლევან პაპავას დარტყმული ბურთი კალანდაძეს საჯარიმოში ხელში მოხვდა და მთავარმა მსაჯმა ალეკო აფციაურმა პენალტი დანიშნა, რომელიც ველისოლმა გამოიყენა – 5:3.
ლაშა თაბაგარი





