21-წლამდელების ზედიზედ მეორე მარცხი

0
2

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა რამაზ სვანაძის თავკაცობით ამხანაგური მატჩი მოლდოვაში ადგილობრივ თანატოლებთან ჩაატარა და 2:3 დამარცხდა.
მატჩის მე-14 წუთზე ალექსანდრე ამისულაშვილმა თავის საჯარიმოში ლუპანუ წაქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. მასპინძლების კაპიტან დინარის დარტყმული თერთმეტმეტრიანი პაპუნა ბერუაშვილმა მოიგერია.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ნიკოლოზ ჩიქოვანი ჩვენს საჯარიმოში იმავე ლუპანუს ეუხეშა და არბიტრმა მეორე პენალტი დადო, რომელიც თავად დაზარალებულმა გოლად გარდასახა – 1:0.
48-ე წუთზე ლუპანუმ საქართველოს ნაკრების საჯარიმოშ ფინტით ამისულაშვილი ჩამოიცილა, შემდეგ ფეხებში ვარდნით ბურთი დავით ბუკიას არ დაანება და პასი ლუჩიტას მისცა, რომელმაც ახლო მანძილიდან გაიტანა – 2:0.
62-ე წუთზე რადუმ ჩვენი გუნდის მცველების შეცდომით ისარგებლა და საჯარიმოში ბურთის მიღების შემდეგ, ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა – 3:0.
70-ე წუთზე ნიკოლოზ დადიანმა პასი მოლდოველთა საჯარიმოში გააკეთა, სადაც გოსპოდინოვმა თავით ბურთის მოგერიების დროს შეცდომა დაუშვა და გიორგი კოხრეიძემ ერთი შეხებით გაიტანა – 3:1. 73-ე წუთზე ჩიქოვანმა კუთხური ჩააწოდა და რატი გრიგალავამ თავით ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და ჩვენმა 21-წლამდელებმა ზედიზედ მეორე ამხანაგური თამაში წააგეს. მანამდე, 5 ივნისს ბულგარეთში აშშ-სთან 0:1 დამარცხდნენ.
მოლდოვა – საქართველო 3:2 (1:0).
9 ივნისი. ნისპორენი. სტადიონი ცენტრალური.

საქართველო: ბერუაშვილი, ბუკია, ნარიმანიძე (კ), ამისულაშვილი (გრიგალავა, 60), ტაბატაძე (დეისაძე, 46), ჩიქოვანი (ქვარცხავა, 89), რობაქიძე (ლორთქიფანიძე, 46), დადიანი (გიუნაშვილი, 89), ცეცხლაძე (პარკაძე, 74), ჯაფარიძე (კოხრეიძე, 60), ღურწკაია.
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
გოლები: 1:0 ლუპანი (45+2), 2:0 ლუჩიტა (48), 3:0 რადუ (62). 3:1 კოხრეიძე (70), 3:2 გრიგალავა (73).
მე-15 წუთზე დინარიმ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე).
გაფრთხილება: ამისულაშვილი (15), ანჯელო-ბოტანი (50), ნაზარიჩიუსი (93).
მთავარი მსაჯი: დუმიტრუ მუნტეანი (რუმინეთი).
ლაშა თაბაგარი