სანიოლი: „მარტთან შედარებით დიდი პროგრესი გვაქვს“

0
13

ვილი სანიოლს მიაჩნია, რომ მარტში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებთან შედარებით ნაკრებს დიდი პროგრესი აქვს. ჩვენი ეროვნული გუნდის ფრანგმა დამრიგებელმა ამის შესახებ „მიხეილ მესხზე“ რუმინეთთან 1:1 დასრულებული სპარინგის მერე განაცხადა.
ვილი სანიოლივფიქრობ, რომ მარტთან შედარებით ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა როგორც ხარისხი, ისე ინტენსივობის კუთხით. ფეხბურთელებმა დღეს ძალიან საინტერესო მატჩი ჩაატარეს. მთლიანად ამ კვირის განმავობაში, მას შემდეგ რაც ერთად შევიკრიბეთ, ისინი პროფესიონალურად მუშაობდნენ და მთელი კვირის განმავლობაში სერიოზულობით ეკიდებოდნენ საქმეს. ვფიქრობ, დღევანდელი კარგი თამაში სწორედ ამ კარგი მუშაობის შედეგია.
სამ დღეში კიდევ ერთი მატჩი გვაქვს და იმედი მაქვს, იმავე ხარისხს შევინარჩუნებთ. ახალმა ფეხბრთელებმა გუნდში ახალი ენერგია და ახალი სული შემოიტანეს და ამ საღამოს ბევრი დადებითი რამ დავინახეთ. ირაკლი ეგოიანს დიდი ხანია ვაკვირდებით, თუმცა გვინდოდა, რომ ჯერ სრულფასოვანი სეზონი ჩაეტარებინა თავისი კლუბში. მან ეს საუკეთესოდ გააკეთა. დღეს კი, როცა მოედანზე შევიდა, დარწმუნებული ვარ, თქვენც და მეც ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს უკვე ერთი ან ორი წელია ამ გუნდში თამაშობს. ძალიან საინტერესო იყო მისი ხილვა დღეს და დარწმუნებული ვარ, სამ დღეში ისევ ვიხილავთ მას მოედანზე.
გამიმართლა, რადგან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გურამ კაშია მყავდა. კაშიასთან ყოველთვის ვიცოდი, რომ მისი თამაში თითქმის ყოველ ჯერზე უმაღლეს დონეზე იქნებოდა და სწორედ ამას ველოდები ჩემი ცენტრალური მცველებისგან. ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მატჩიდან მატჩამდე სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში. ამისთვის აუცილებელია, რომ კარგ კლუბში, მაღალ დონეზე, ყოველ კვირას ან თუნდაც კვირაში ორჯერ თამაშობდე, რათა იგივე ხარისხის თამაში ეროვნულ ნაკრებშიც აჩვენო”.
საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 5 ივნისს „მიხეილ მესხზე“ ბაჰრეინთან ჩაატარებს, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი