გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარელის“ მაისურით ესპანეთში სეზონი მაჟორულ ნოტზე დაასრულა.
ლა ლიგის 38-ე დასკვნით ტურში „ვილიარეალმა“ შინ მადრიდის „ატლეტიკო“ 5:1 გაანადგურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 89-ე წუთზე მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო შეცვლა მოითხოვა.
მატჩის მე-11 წუთზე მან სტუმართა ნახევარზე მიიღო ბურთი და საუცხოო სოლო რეიდი შეასრულა, რომლის დროს ოთხ მეტოქეს გაცდა, მაგრამ საჯარიმოში შესულმა სუსტად დაარტყა, რის გამო მეკარეს ბურთის დაჭერა არ გაჭირვებია. 30-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში პარეზომ გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა. 34-ე წუთზე აიოსო პერესმა „ვილიარეალის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. მე-40 წუთზე პერესი მოედნის ცენტრში ორ მოწინააღმდეგეს გაექცა და საჯარიმოში შესულმა პასი მიქაუტაძეს მისცა, რომელმაც დარტყმის იმიტაციით ლენგლე ოსტატურად ჩამოიცილა და ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. 43-ე წუთზე პუბილმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ორ წუთში „ატლეტიკოს“ კარი გეიემ აიღო. 54-ე წუთზე პერესმა დუბლი შეასრულა.
79-ე წუთზე გიორგი „ატლეტიკოს“ ნახევარზე ერთ მადრიდელ ფეხბურთელს გაექცა, ხოლო საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა გვერდი მეორესაც აუარა და მახვილი კუთხიდან დაარტყა, თუმცა, მეკარემ ბურთი მოიგერია.
მიქაუტაძემ ლა ლიგაში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში 32 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან ესპანეთის თასზე 3-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. გიორგი ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე 7 შეხვედრა გამართა და გოლი ტურინის „იუვენტუსის“ კარში შეაგდო. “ვილიარეალმა” 20-გუნდიან ლა ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა.
ლაშა თაბაგარი





