საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი დარწმუნებულია, რომ თუ ხვიჩა კვარაცხელია ასე გააგრძელებს შრომას, ერთ დღეს “ოქროს ბურთს” მოიგებს. მან ამის შესახებ დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილიც დაესწრო.
ვილი სანიოლი : „ამ პერიოდში, განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ამხანაგური მატჩების ორგანიზება ყოველთვის რთულია, თუმცა ფედერაციის ძალისხმევით, რუმინეთთან და ბაჰრეინთან თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. რუმინეთი ძლიერი გუნდია, რომელსაც ბევრი საინტერესო ფეხბურთელი ჰყავს. ბაჰრეინი კი განსხვავებული დონის მეტოქეა და, შესაძლოა, სხვა მოთამაშეებსაც მივცეთ თავის გამოჩენის შანსი, რათა მათ ეროვნულ ნაკრებში მეტი თავდაჯერებით დაიწყონ თამაში.
ორი განსხვავებული სტილისა და დონის მეტოქესთან თამაში საინტერესო იქნება, თუმცა ამხანაგური მატჩი მხოლოდ სახელით არის ამხანაგური – ჩვენ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვთამაშობთ. მნიშვნელობა არ აქვს მეტოქე რუმინეთი იქნება თუ ბაჰრეინი, ორივე შეხვედრის მოგება გვსურს. შესაძლოა განსხვავებული შემადგენლობა და როტაცია ვიხილოთ, თუმცა ეს მატჩები სექტემბრისა და ერთა ლიგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ირაკლი ეგოიანზე რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ ფიქრი. მარტში არ გამოვიძახეთ, რადგან ახალგაზრდულ ნაკრებს მნიშვნელოვანი ოფიციალური თამაშები ჰქონდა. მისი სეზონი ძალიან მომეწონა. პროგრესი ეტყობოდა, განსაკუთრებით ინტენსივობასა და თამაშის სტილში. დარწმუნებული ვარ, გუნდს დადებით ენერგიას შესძენს, თუმცა მისთვის ეს პირველი გამოძახებაა ეროვნულ ნაკრებში და გარკვეული დრო დასჭირდება, რათა ჩვენს მოთხოვნებსა და სათამაშო ფილოსოფიას შეეჩვიოს.
როცა შემადგენლობას ვადგენ, ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელების არჩევას ვცდილობ. მარტში მამაგეიშვილმა კარგად წარმოაჩინა თავი. მისთვის ეს ახალი პოზიციაა და ამ მიმართულებით განვითარება სჭირდება, თუმცა ვფიქრობ, მომავალში, შესაძლოა, ძალიან კარგი არჩევანი გახდეს. სექტემბერში კაკაბაძე დაგვიბრუნდება. ბოლო პერიოდში ცენტრალური დაცვის ხაზშიც სხვადასხვა ფეხბურთელი გამოვცადეთ – გადრანი, ბერიაშვილი და სხვები, თუმცა მუდმივად ექსპერიმენტები გაკეთება შეუძლებელია. როცა კონკრეტულ მოთამაშეებზე არჩევანს ვაკეთებთ, მათთან მუშაობა და განვითარება გვჭირდება, რადგან ასე გუნდი უფრო ძლიერი ხდება. საინტერესო სეზონი ჰქონდა თორნიკე ძოწენიძეს. ჩვენ ყველა ფეხბურთელს ყურადღებით ვაკვირდებით. თუ კონკრეტულ მომენტში ვინმეს არ ვიძახებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ის საკმარისად კარგი არ არის. საჭიროა მუშაობის გაგრძელება – შანსი აუცილებლად მოვა და ის უნდა გამოიყენო.
თუ გურამ კაშიას ყველა დადებით თვისებაზე დავიწყებ საუბარს, ალბათ, მთელ საღამოს აქ გავატარებთ. რთულია იმის აღწერა, რა გავლენა ჰქონდა მას გუნდზე, ფეხბურთელებზე და მთლიანად ქართულ ფეხბურთზე. ჩემთვის ის გამორჩეული კაპიტანი და, პირველ რიგში, შესანიშნავი ადამიანია. მიყვარს ის არა მხოლოდ როგორც კაპიტანი, არამედ როგორც პიროვნება. მასთან მუშაობა უდიდესი სიამოვნება იყო და ჩემი კარი მისთვის ყოველთვის ღია იქნება.
მარჯვენა მცველის არყოლა? შეიძლება უფრო დიდი განაცხადის გამოძახება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები შესაბამის დონეზე იყონ და კარგი ფეხბურთი აჩვენ, რაოდენობაზე მნიშვნელოვანი ხარისხია. გვყავს მამაგეიშვილი, რომელმაც ამ პოზიციაზე კარგად ითამაშა და ჩვენი დახმარება მომავალშიც შეუძლია. სექტემბერში კაკაბაძეც დაგვიბრუნდება. დაცვის ცენტრშიც ახალი ფეხბურთელები გვყავს. შეუძლებელია ყველა სპარინგისთვის შემადგენლობას სრულად შეცვლა.
კვარას ოქროს ბურთი? სერიოზულად რომ შევხედოთ, სეზონის პირველ ნახევარში საფრანგეთში ხშირად აკრიტიკებდნენ, რომ მხოლოდ დიდ მატჩებში იხარჯებოდა ბოლომდე, უფრო პატარა გუნდებთან – ნაკლებად. თუმცა, ყველაზე მეტად რაც მომეწონა, კრიტიკაზე სიტყვიერი რეაქცია არ ჰქონია, გააგრძელა შრომა, მუშაობა და ბოლო თვეებში კრიტიკოსებს მოედნიდან გასცა პასუხიხვიჩა კვარაცხელია ძალიან შრომისმოყვარე ფეხბურთელია. მასში ერთი რამ განსაკუთრებით მომწონს – მისი დამოკიდებულება. რაც არ უნდა მოხდეს, ის ყოველთვის ცდილობს ყოველდღიურად უკეთესი გახდეს. ეს არის გამარჯვებულის მენტალიტეტი. ეროვნულ გუნდთან მისი დამოკიდებულებაც სწორედ ამას აჩვენებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ თქვა, რომ ამხანაგურ მატჩებზეც აუცილებლად უნდა იყოს გუნდთან, რადგან დახმარება სურს. ის მხოლოდ შესანიშნავი ფეხბურთელი კი არა, ძალიან კარგი კაპიტანი არის.
არ ვიცი, ამ მომენტში მართლა საუკეთესოა თუ არა, მსოფლიოში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ასე გააგრძელებს შრომას, ერთ დღეს ოქროს ბურთს მოიგებს და დამიჯერეთ, ჩემზე მეტად ეს არავის გაუხარდება. ძალიან ხშირად, როდესაც ფეხბურთელს კარგად არ მისდის საქმე, თავს იმართლებს, მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელები არ იქცევიან ასე, ისინი ცდილობენ უშუალოდ მოედნიდან გასცენ კრიტიკას პასუხი და ხვიჩაც სწორედ ასეთია”.
ალექსანდრე იაშვილი : „2 ივნისს გურამ კაშია ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბოლო მატჩს გამართავს. ძალიან მნიშვენლოვანი იყო, რომ ძლიერი მეტოქე გვყოლოდა და თბილისში გვეთამაშა. ასევე, აუცილებელი იყო მეორე შეხვედრაც თბილისში ჩაგვეტარებინა, რადგან ხანგრძლივი სეზონის შემდეგ გუნდს ნაკლები ემგზავრა.
მნიშვნელოვანია, ორივე მატჩში წარმატების მიღწევა, რადგან სექტემბრის ოფიციალურ შეხვედრებს თავდაჯერებულად შევხვდეთ. კონცენტრირებულები ვართ მოახლოებულ ამხანაგურ მატჩებზე და ერთა ლიგისთვის მზადებაზე. თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანია ამ ჯგუფში გავიმარჯვოთ”.
ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს. 5 ივნისს, ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ლაშა თაბაგარი





