გიზო მამაგეიშვილმა გრაცის „შტურმის“ შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა. ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო 32-ე ტურში გრაცელებმა ვენის „რაპიდი“ მიიღეს და 2:0 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო 88-ე წუთზე დაახლოებით 30 მეტრიდაბ ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა. მასპინძლებმა მეორე გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე შეაგდეს.
გამარჯვების მიუხედავად, განვლილი ორის სეზონის ჩემპიონმა „შტურმმა“ ტიტული ვერ შეინარჩუნა და მეორე ადგილზე გავიდა, რადგან პარალელურად გამართულ შეხვედრაში ლასკმა ვენის „აუსტრიას“ 3:0 აჯობა, რაც ოქროს მედლების მოპოვების ტოლფასი აღმოჩნდა.
„რაპიდთან“ შეუცვლელად ითამაშა ჩვენი ეროვნული გუნდის შუახაზელმა ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც განვლილ სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. ოთარმა ავსტრიის თასზე სამჯერ ითამაშა და 1 ბურთი შეაგდო. ევროპა ლიგის ფაზაზე ჩატარებულ 7 შეხვედრაში ოთარმა მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. ის ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და კარიერაში ასეთი შედეგიანი სეზონი პირველად აქვს. შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილი ზედიზედ მესამედ ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
მამაგეიშვილი „შტურმს“ ზამთარში შეუერთდა და 13 მატჩში ერთი გოლი შეაგდო, პლუს ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





