რაგბის კავშირი “ბორჯღალოსნების” დისკვალიფიკაციას ეთანხმება

0
0

საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2023 წლის საფრანგეთში გამართული მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს 15-კაცა ნაკრებში ანტი-დოპინგური წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. დარღვევების შედეგად, სხვადასხვა ვადით დისკვალიფიცირებული არიან ნაკრების ექვსი მოთამაშე და პერსონალის ერთი წევრი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, World Rugby-მ არასათანადო ქცევის ბრალდება წარადგინა საქართველოს რაგბის კავშირის მიმართაც.
კავშირი დაეთანხმა მსოფლიო რაგბის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, შესაბამის ჯარიმასთან ერთად მიიღო ვალდებულება, განახორციელოს რეფორმა ანტი-დოპინგური განათლების მიმართულებით.
პროცესის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველოს რაგბის კავშირი სრულად და გამჭვირვალედ თანამშრომლობს მსოფლიო რაგბისთან. ანტი-დოპინგური განათლების რეფორმის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, გატარებულია გამკაცრებული პრევენციული ღონისძიებები.
საქართველოს რაგბის კავშირი იღებს სრულ პასუხისმგებლობას, ქართულ რაგბში ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაგბი საქართველოში იყოს სუფთა, გამჭვირვალე და მსოფლიო რაგბის სტანდარტებთან სრულად შესაბამისი.
გაგაცნობთ World Rugby-ს მიერ დისკვალიფიცირებული “ბორჯღალოსნების” სიას:
ლაშა ლომიძე – 9 თვიანი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა.
მირიან მოდებაძე – 3 წლიანი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა.
ოთარ ლაშხი – 3 წლიანი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა.
ლაშა ხმალაძე – 3 წლიანი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა, თანამონაწილეობა ან თანამონაწილეობის მცდელობა.
გიორგი ჭყოიძე – 6 წლიანი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა.
ნუცა შამათავა – 9 წლიანი დისკვალიფიკაცია – გაყალბება ან გაყალბების მცდელობა, თანამონაწილეობა ან თანამონაწილეობის მცდელობა.
მერაბ შარიქაძე – 11 წლიანი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა, თანამონაწილეობა ან თანამონაწილეობის მცდელობა.

rugby.ge