სეპარატისტი

0
6

არიან ფეხბურთელები, რომელთაც ბუნებამ საფეხბურთო ტალანტი არ დაანათლა, არც ფილიგრანული ტექნიკით გამოირჩევიან, მაგრამ მტკიცე ხასიათით, უშრეტი ენერგიითა და შრომისმოყვარეობით კარიერის დასრულების შემდეგ არა მარტო წარუშლელ კვალს ტოვებენ, რომელიმე დიდი კლუბის ლეგენდარულ მოთამაშეთა შორისაც იმკვიდრებენ დამსახურებულ ადგილს. ლუის ენრიკე მარტინეს გარსია სწორედ ამ ფეხბურთელთა კატეგორიას განეკუთვნება. მადრიდის “რეალის” გულშემატკივრებისთვის ის მოღალატე, იუდაა, კატალონიის ერთგულ ქომაგთათვის კი კერპი.
ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში ასტურიის ხიხონის “სპორტინგის” სელექციონერებმა ლუჩოს (ლუის ენრიკეს ეს მეტსახელი მეგობრებმა შეარქვეს ხიხონელთა მექსიკელ ლეგიონერ ლუჩო ფლორესთან მსგავსების გამო) თვალი დაადგეს, თუმცა, თინეიჯერი მწვრთნელებმა სუსტი ფიზიკური აღნაგობის გამო დაიწუნეს. ლუჩოს პირველი პროფესიული კლუბი “ოვიედოა”, თუმცა კონტრაქტის ხელმოწერიდან ორიოდე თვეში ლუის ენრიკე მშობლიურ ხიხონში ბრუნდება. მას “სპორტინგიდან” დაუკავშირდნენ, გუნდში გადასვლა შესთავაზეს, რასაც დამწყვები ფორვარდი სიხარულით დათანხმდა – 2 თვის ხელფასი ოვიედოელებს დაუბრუნა და შინ დაუყონებლივ გაემგზავრა. პრიმერაში ლუჩოს დებიუტი 1989 წლის 24 სექტემბერს შედგა, თუმცა, შეცვლაზე შესულმა 19 წლის ფორვარდმა იმ სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. ამის მიზეზი მუხლის ტრავმა იყო. 1990-91 წლების სეზონის სტარტიდან კი ლუჩომ მყარად დაიმკვიდრა ადგილი სპორტინგელთა სასტარტო შემადგენლობაში, ლა ლიგაში 35 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და თავის გუნდს უეფას თასის საგზური მოუპოვა. ეს ვალენსიას “მესტალიაზე” მოხდა, როდესაც ლუის ენრიკემ ულამაზესი გოლი გაუტანა “ღამურებს”. პრიმერას დასრულების შემდეგ ავტორიტეტულმა გამოცემა “დონ ბალონმა” ლუჩო “სეზონის აღმოჩენად” დაასახელა.
ამასობაში ლუის ენრიკემ წამყვან ესპანურ კლუბთა ყურადღება მიიპყრო და ხიხონელებს სარფიანი წინადადებით მადრიდის “რეალმა” მიმართა. კასტილიელები ახალგაზრდა ფორვარდის სანაცვლოდ მზად იყვნენ 250 მილიონი პესეტა გადაეხადათ. იმ პერიოდში ლუის ენრიკე ნაკლებად ფიქრობდა “რეალის” ან “ბარსელონას” ღირსების დაცვაზე და ასტურიაში ერჩივნა ბურთის გორება, მაგრამ უსახსროდ დარჩენილ ხიხონელებს ფული სჭირდებოდათ და 1991 წლის ივნისში ლუჩომ ხუთწლიანი ხელშეკრელება გააფორმა “სამეფო კლუბთან”. 5 წლის განმავლობაში ლუის ენრიკე კასტილიელთა საამაყო გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახლდათ, ამასთან საბომბარდირო თვისებების გამოვლენის საშუალება ნაკლებად ეძლეოდა. საქმე ისაა, რომ ჯერ სერბი სპეციალისტი რადომირ ანტიჩი, შემდეგ ბენიტო ფლორო ლუჩოს მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, განაპირა ნახევარმცველად (ესპანურად ლატერალი) ათამაშებდნენ. ლუის ენრიკეს პირველი სკანდალური განცხადებაც იმ პერიოდს უკავშირდება – მან დაუფარავად გამოხატა სიმპათია “რეალის” დაუძინებელი საფეხბურთო მტრის მიმართ, რითაც “ბლანკოსის” ქომაგთა გულისწრომა დაიმსახურა. “სანტიაგო ბერნაბეუზე” საწყისი 3 წლის განმავლობაში გამოსვლისას ლუის ენრიკე ტიტულებით ვერ დაიკვეხნის – “ბლანკოსთან” ერთად მან მხოლოდ “სამეფო თასი” და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.
1994 წლიდან “რეალის” საკაპიტნო ხიდურაზე არგენტინელი ხორხე ვალდანო შედგა, რომელმაც ლუჩო თავდამსხმელის პოზიციაზე დააბრუნა და ასტურიელმაც პატაგონიელს იმედი გაუმართლა. ლუის ენრიკე ეფექტურად, შედეგიანად ათამაშდა, “რეალმა” კი პრიმერა დივიზიონში “ბარსელონას” ოთხწლიანი ჰეგემონია დაარღვია და ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ამასობაში “სამეფო კლუბი” სპორტულმა და ფინანსურმა კრიზისმა მოცვა, რის გამოც 1996 წლის მაისში ლუჩოს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრეს. ლუის ენრიკეს კარიერის გაგრძელება ინგლისში სურდა, წინადადებები კი იტალიიდან და ბარსელონადან მოვიდა. ასტურიელ ფორვარდს ბევრი არ უფიქრია და თავისუფალი აგენტის სტატუსით “კამპ ნოუს” მიაშურა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა რეაქციაც ჰქონდათ მომხდარზე “რეალის” გულშემატკივრებს, “საკონტროლო გასროლა” კი ლუის ენრიკემ “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ბარსას” მაისურათი სტუმრობის პირველსავე მატჩში განახორციელა – ლუჩომ “ბლანკოსს” გაუტანა, ტრიბუნასთან მიირბინა და მადრიდელ ქომაგებს მუშტი მოუღერა. არცკი მახსოვს, რას ვუყვიროდი ტრიბუნებზე შეკრებილ აუდიტორიას, უბრალოდ ემოციისგან ბოლომდე დავიცალე, ერთგვარი აფექტის მდგომარეობაში ვიყავიო, იტყვის მოგვიანებით ლუის ენრიკე. ლუჩომ ისიც თქვა, კატალონიაში შეგნებულად გადავედი, კარგად მესმოდა, ამ ნაბიჯით მადრიდელები საბოლოოდ რომ შემიძულებდნენ, მაგრამ ცდუნება დიდი იყო და მაშინ მიღებული გადაწყვეტილება არასდროს ერთი წამითაც არ მინანიაო.
1996 წლის ზაფხულში “ბარსელონა” გარდაქმნის პროცესში იყო. მთავარი მწვრთნელის პოსტზე “მფრინავი ჰოლანდიელი” იოჰან კრუიფი ინგლისელმა სერმა ბობი რობსონმა შეცვალა. ლუის ენრიკესთან ერთად “კამპ ნოუზე” ახალ მოთამაშეთა მთელი წყება მივიდა ბაიას, ბლანის, კოუტუს, რონალდოს, ჯოვანის, პიცის სახით. ამ კომპანიაში ლუჩო არ დაკარგულა (მითუმეტეს “ბარსაში” 1992 წლის საჩემპიონო ოლიმპიური თანაგუნდელები დახვდნენ) და არათუ მყარად მოიკიდა ფეხი სასტარტო შემადგენლობაში, კატალონელთა ერთ-ერთი ლიდერიც გახდა.
შედეგმაც არ დაახანა. “კამპ ნოუზე” ჩატარებულ პირველ სეზონში ლუის ენრიკემ უფრო მეტი გოლი (17) გაიტანა, ვიდრე “სანტიაგო ბერნაბეუზე”გატარებული 5 წლის განმავლობაში. “ბარსასთან” ერთად სასტარტო სეზონში ლუჩომ ერთბაშად 3 ტიტული, ესპანეთის და უეფას თასი, ქვეყნის სუპერთასი, მოიგო. კატალონელ “კულესთა” გული კი ლუის ენრიკემ ერთხელ და სამუდამოდ მადრიდში გატანილი გოლისა და მისი “ორიგინალურად” აღნიშვნის შემდეგ მოინადირა. ბობი რობსონის დამრიგებლობისას “ბარსა” ლაღად, შედეგიანად (იმ პერიოდში დამყარებული უხვგოლიანი რეკორდი გუნდმა მხოლოდ პეპ გვარდიოლას მთავარმწვრთნელობისას გააუმჯობესა), მაგრამ 1997 წლის მაისში ალბიონელი გაუშვეს და მისი ადგილი ჰოლანდიელ ლუის ვან გაალს მიანდეს. მოგეხსენებათ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ამჟამინდელ დამრიგებელთან მუშაობა და საფეხბურთო თანამშრომლობა ბევრ ვარსკვლავს უჭირს, ლუჩოსთვის კი არაფერი შეცვლილა. მეტიც, სწორედ ვან გაალის დამრიგებლობისას გაიტანა მან 18 გოლი, რაც ლუის ენრიკეს საერთსეზონე რეკორდია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტის “კამპ ნოუზე” მისვლის შემდეგ ლუჩოს კიდევ ერთხელ შეუცვალეს სათამაშო ამპლუა – ვან გაალმა ის შემტევი ნახევარმცველის ფუნქციებით აღჭურვა. ინდივიდუალურ წარმატებას გუნდურიც მოჰყვა. ლუჩომ და მისმა თანაგუნდელებმა სამედლე კოლექცია “სამეფო თასის”, ევროპის სუპერთასისა და ესპანეთის ჩემპიონობის მოპოვებით შეივსეს. ლუის ენრიკეს აღიარება კი “დონ ბალონმა” დააგვირგვინა – ფორვარდს ქვეყნის წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზი გადასცეს. მომდევნო სეზონში “ბარსელონამ” ჩემპიონობა შეინარჩუნა, რაშიც 11 გოლით წონადი წვლილი კატალონელთა ასტურიელმა წევრმაც შეტანა.
კლუბის პრეზიდენტობიდან “იმპერატორი” ნუნიესის და გუნდიდან “იუდა” ლუიშ ფიგუს წასვლის, ხშირი სამწვრთნელო ცვლილების შემდეგ “ბარსას” დაღმასვლა დაეწყო, რაც ლუჩოს თამაშზეც აისახა. ის კვლავინდებურად სასტარტო შემადგენლობაში იყო, გოლებიც გაჰქონდა, მაგრამ ნაკლები ინტენსივობით. ევროპის 2000 წლის პირველობა ლუის ენრიკემ მუხლების ტრავმების გამო გამოტოვა. ეს დაზიანებები ლუჩომ საფეხბურთო კარიერის მიწურულამდე ბოლომდე ვერ მოიშუშა, თუმცა, მისი ავტორიტეტი იოტისოდენადაც არ შერყეულა, რასაც 2002 წელს ასტურიელისთვის “ბარსას” საკაპიტნო სამკლავურის ჩაბარება ადასტურებს. ამასთან, წლების მომატებასთან ერთად ლუჩო თანდათან “დაღვინდა” და თუკი უწინ ფეთქებადი ხასიათით გამოირჩეოდა, თანდათან კონფლიქტების მომრიგებლად, ახალგაზრდების სამაგალითო მოთამაშედ იქცა. სწორედ ლუჩოზე აკათებდნენ სწორებას კარლეს პუიოლი, ჩავი, ანდრეს ინიესტა, რომლებიც “ბარსელონას” შემდგომი ტრიუმფების უმთავრესი შემოქმედები გახდნენ.
მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატი ლუის ენრიკეს ბოლო სანაკრებო გამოსვლა იყო. ლუჩომ თანანაკრებელებთან ერთად მეოთხედფინალს უწია, მეტს კი ამაზრზენი მსაჯობის გამო ვერ შესწვდა. 62-ჯერ დაიცვა ასტურიელმა “ფურია როხას” ღირსება და ამ მატჩებში 12 გოლის გატანა მოახერხა.
ზემოთ ლუის ენრიკეს მუხლების ტრავმები ვახსენეთ. სწორედ ეს ფაქტორი გახლდათ უმთავრესი ლუჩოს მიერ საფეხბურთო კარიერის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების საქმეში. 2004 წლის 16 მაისს მან ბოლო ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა “ბარსას” შემადგენლობაში. მატჩის წინ 21 ნომრიანი ეკიპირებით გამოწყობილმა ბავშვებმა ამავე ნომრიანი უზარმაზარი მაისურა გაიტანეს “კამპ ნოუს” მინდორზე, გულშემატკივრებმა კი საყვარელი ფეხბურთელი მქუხარე ოვაციით გააცილეს.
ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ლუის ენრიკეს სპორტული ფორმა არ დაუკარგავს. თავდაპირველად ასტურიელი ავსტრალიაში გაემგზავრა და სერფინგით ირთობდა თავს, 2005 წელს კი ნიუ იორკის ლეგენდარულ მარათონულ გარბენში მიიღო მონაწილეობა და სტაიერის ამპლუაშიც თავი არ შეურცხვენია. მარათონული დისტანცია ლუჩომ 3 საათსა და 14 წუთში დაფარა და ცოტათი ჩამორჩა “ტურ დე ფრანსის” შვიდგზის ტრიუმფატორ ლენს არმსტრონგს. ლუის ენრიკემ კიდევ რამდენიმე მარათონში მიიღო მონაწილეობა, საუკეთესო შედეგი კი ფლორენციაში აჩვენა – 2:57:58. ლუჩოს ხასიათის სიმტკიცე ყველაზე მეტად Mარატჰონ Dეს შაბლეს-ს მსვლელობისას გამოვლინდა. სახარის უდაბნოს 251 კილომეტრიანი მარათონი 6 ეტაპისგან შედგება, ამასთან მონაწილეს ასპარეზობისას წყლის გადავლება ეკრძალება და მხოლოდ იმ საკვების მიღება შეუძლია, რაც ზურგჩანთაში აქვს.
მარათონი მარათონად, ფეხბურთის გარეშე კი ლუის ენრიკემ დიდხანს ვერ გაძლო. 2008 წელს ლუჩო “ბარსელონაში” დაბრუნდა და მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ძველი მეგობარი პეპ გვარდიოლა შეცვალა. თავდაპირველად ასტურიელს გაუჭირდა, მაგრამ 2009 წლის თებერვლიდან მოყოლებული მისი გუნდი საგრძნობლად უკეთ ათამაშდა და საბოლოოდ ჩემპიონატი მეხუთე პოზიციაზე დაასრულა. ამასთან მეოთხე პოზიციას ლუჩოს გუნდი ერთადერთმა ქულამ დააშორა. მომდევნო სეზონი სულაც ტრიუმფული გამოდგა – ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა ბიჭებმა სეგუნდა დივიზიონში მესამე პოზიცია დაიკავეს და შეზღუდვა რომ არა, ლა ლიგაში უნდა ეთამაშათ!ლუჩოს სად
ამრიგებლო შესაძლებლობებს თანდათან ყურადღება “დიდი საფეხბურთო ხუთეულის” წარმომადგენელმა კლუბებმა მიაპყრეს. საბოლოოდ ლუის ენრიკეს არჩევანი სერა A-ს “რომაზე” შეჩერდა. “მარადიული ქალაქის” საფეხბურთო გუნდმა ასტურიელმა ორწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ახალი კოლექტივის ფორმირებასაც მიჰყო ხელი. “რომაელი მგლები” ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, ლუჩომ კი “ოლიმპიკოზე” სტეკელენბურგი, ხაინცე, ლამელა, ბორინი, პიანიჩი, გაგო, კრკიჩი, ბორიელო მიიყვანა.სე
ზონის სტარტი რთული გამოვიდა. “რომა” ევროპა ლიგაზე ვერ “შეძვრა”. ლუჩოს გუნდმა პლეი ოფის პირველი მატჩი ბრატისლავაში “სლოვანთან” 0:1 დათმო. თითქოს საპასუხო შეხვედრის ხელსაყრელი ანგარიშით მოგება დიდად პრობლემატური არ ჩანდა, მაგრამ ასპარეზობა 1:1 დასრულდა. მატჩის მსვლელობისას ლუჩომ ფრანჩესკო ტოტი შეცვალა, ფორვარდმაც კაპიტნის სამკლავური მოისროლა და ბურტყუნით გასახდელისკენ წავიდა. “სტადიო ოლიმპიკომ” მოთამაშის მხარე დაიჭირა და ლუის ენრიკეს უსტვინა. წარუმატებელი იყო სერია A-ს პირველი შეხვედრაც. რომაელები სარდინიის “კალიარისთან” 1:2 დამარცხდნენ და პრესამ ასტურიელის გადადგომა მოითხოვა. საპასუხოდ კლუბის ხელმძღვანელობამ და ფეხბურთელებმა ლუის ენრიკეს მხარე დაიჭირეს. დანიელე დე როსი ლუჩომ ვარჯიშზე დაგვიანებისთვის რამდენჯერმე დააჯარიმა, ფეხბურთელმა კი საჯაროდ განაცხადა, ლუის ენრიკეზე უკეთეს მწვრთნელთან არასდროს მიმუშავია და “რომაში” ესპანელის ხათრით დავრჩიო.შეუ
იარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, ლუჩო რომაელებს ესპანური ფეხბურთის კანონების ჩარჩოში რომ აქცევდა. პრესინგი, ბურთის კონტროლი გუნდის სავიზიტო ბარათი გახდა. სეზონის მსვლელობისას “რომა” ბურთის ფლობის პროცენტის მაჩვენებლით, ზუსტი გადაცემებით და ტერიტორიული უპირატესობის ფლობით მხოლოდ “იუვენტუსსა” და “მილანს” ჩამორჩა. სერია A-ს დასრულებამდე 5 ტურით ადრე “რომა” 3-4 ადგილებისთვის ბრძოლას განაგრძობდა, მაგრამ სეზონის ფინიშზე 5 მატჩიდან 3 ფრედ დაასრულა და საბოლოოდ მეშვიდე პოზიციაზე დამკვიდრდა. გუნდი ევროთასებს მიღმა დარჩა, გულშემატკივრებმა კი ბანერი გამოფინეს წარწერით: “ლუის ენრიკე, ნამდვილი მამაკაცი თუ ხარ, უნდა წახვიდე”. ქომაგთა მოთხოვნას ჟურნალისტებიც დაეთანხმნენ. კლუბის უფროსობამ ლუჩოს მხარე კი დაიჭირა, მაგრამ ასტურიელმა მოიმიზეზა, ბავშვები იტალიურ სკოლაში სწავლას ვერა და ვერ მიეჩვევნენო, კონტრაქტი გაწყვიტა და ბარსელონაში დაბრუნდა.
წლის ივნისში ლუის ენრიკე სამწვრთნელო საქმიანობას ესპანეთში, ვიგოს “სელტაში” დაუბრუნდა. გალისიელებთან მან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, პირობად კი ისიც ჩაიდო, რომ თუკი ლუჩოს “ბარსელონა” უხმობდა, დასავლეთპირენელები მას კომპენსაციის მოთხოვნის გარეშე გაათავისუფლებდნენ. ლუის ენრიკეს “კამპ ნოუზე”დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში რამდენიმე თვეში დადგა. მძიმე ავადმყოფობის გამო აგვისტოში პოსტიდან ტიტო ვილანოვა წავიდა, მაგრამ ლუჩომ სეზონის გატარება ვიგოში გადაწყვიტა.
თუკი ლუის ენრიკეს მისვლამდე “სელტა” სეგუნდაში დაქვეითებას ბეწვზე გადაურჩა, ამჯერად გალისიელები მოფერიანებულები ჩანდნენ, პრიმერა მეცხრე საფეხურზე დაასრულეს და მადრიდის “რეალის” დამარცხებაც მოახერხეს. ასტურიელი გალისიელ ფეხბურთელებს მუდმივად მაღალ საფეხბურთო ტონუსში ამყოფებდა, ჭკვიანურ სადამრიგებლო გადაწყვეტილებებს იღებდა და გუნდიც სოლიდურ თამაშთან პარალელურად, ქულებსაც აგროვებდა.დ
ა მაინც, ლუის ენრიკეს “კამპ ნოუზე” მისვლა დროის ამბავი გახლდათ. ეს დროც მალე დადგა. არგენტინელი ტატა მარტინოს გაშვების შემდეგ “ბარსელონა” ლუჩოს შეუთანხმდა და ახალ მწვრთნელთან პირობების მოგვარებაც არ გასჭირვებია. 2014 წლის 16 მაისს ლუის ენრიკემ ვიგოში საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია, კლუბის ხელმძღვანელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და კატალონიაში დაბრუნების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება
გაასაჯაროა. “ბარსაში” თავდაპირველად მუშაობა აპენდიციტის ოპერაციამ ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოთამაშეთა მონაწილეობამ დაამუხრუჭა, თუმცა, მთლიანობაში მზადების პროცესი არ შეფერხებულა. კატალონიაში გამთავარმწვრთნელობიდან რამდენიმე თვეში ლუის ენრიკემ 2 ტიტული მოიგო, რასაც სეზონის მიწურულს ესპანეთის ჩემპიონობაც მოჰყვა. ამგვარი შედეგი “კამპ ნოუზე” პეპ გვარდიოლას წასვლის შემდეგ არავის ჰქონია.
“ბარსას” სათავეში ლუჩოს მისვლას ლეო მესის აღფრთოვანება ნამდვილად არ გამოუწვევია. მწვრთნელისა და ვარსკვლავის უერთიერთობის გამწვავების პიკი წლეულს იანვარში იყო. კატალონელებმა “ანოეტაზე” “სოსიედადთან” წააგეს. მეორე დღეს ლუის ენრიკემ ღია ვარჯიში დანიშნა, “ელ ლეომ” კი წვრთნა გასტროენტერიტის მომიზეზებით იუარა. კონფლიქტი მწიფდებოდა, რომელსაც შეეძლო გამოუსწორებელ შედეგამდე მიეყვანა საქმე, მაგრამ მდგომარეობა კლუბის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარტომეუმ განმუხტა. მან მხარეებთან “საიდუმლო სერობა” მოაწყო და გაუგებრობასაც ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა.
რთულ ვითარებაში ჩავარდა ლუჩო ლუის სუარესთან დაკავშირებითაც. ფიფას დისკვალიფიკაციის გამო ურუგვაელი კარგა ხნის განმავლობაში ვერ იცავდა “ბარსას” ღირსებას. “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებულ მატჩში ფორვარდის დებიუტმა კი არაერთგვარი შთაბეჭდილება (ნეიმარის მისამართით შესრულებული შედეგიანი გადაცემის მიუხედავად) დატოვა. ლუის ენრიკე შეტევის ცენტრში მესის ათამაშებდა, არადა, ლუის სუარესიც ხომ ამ პოზიციაზე ასპარეზობას იყო ჩვეული და უწინდელი გუნდებისთვის მეტი სარგებლობაც ცენტრფორვარდის ამპლუის შესრულებისას მოჰქონდა. მარჯვენა ფლაგზე გადაწეული ურუგვაელი ნაკლებად ეფექტურად გამოიყურებოდა და გოლებიც ცოტა გაჰქონდა. ერთ-ერთი მატჩის დროს კი სუარესმა თვითნებური გადაწყვეტილება მიიღო და შეტევის ცენტრში გადაინაცვლა. მესიმ მას მყისიერად დაუძახა, მანდ დარჩიო. მატჩის ბოლომდე ურუგვაელს პოზიცია არ შეუცვლია და მომდევნო შეხვედრიდან ლუის ენრიკემაც მას ჩვეული ადგილი მიუჩინა.
მესის დუბლისა და ნეიმარის გოლის წყალობით “ბარსელონას” სამხრეთამერიკული ტრიო ესპანურ ფეხბურთში ყველაზე შედეგიანი გახდა. გასულ სეზონში MშN-ის ანგარიშზე 120 გოლი, რაც 2 ბურთით აღემატება კრიშტიანუ რონალდოს, გონსალო იგუაინისა და კარიმ ბენზემას მიერ მიღწეულ შედეგს.
2014/15 სეზონის თებერვლიდან ლუის ენრიკეს “ბარსელონა” მეტად სოლიდურად ათამაშდა, მწვრთნელის ხშირმა საშემადგენლო როტაციამ არათუ დისონანსი შეიტანა, პირიქით, ასპარეზობა გააძლიერა. სეზონის რიგით მეოთხე ტიტული “ბარსამ” თბილისში, ევროპის სუპერთასზე “სევილიასთან” ფეერიულ მატჩში მოიპოვა. ლუჩოს შანსი ჰქონდა, პეპ გვარდიოლას შედეგი გაემეორებინა, მაგრამ კატალონელებს მეხუთე ჯილდო, ქვეყნის სუპერთასი ბასკებმა არ დაანებეს.
2015 წლის სექტემბერში კატალონიაში რეგიონალური არჩევნები ჩატარდა, რომელმაც ესპანეთის პროვინციის პარლამენტი დააკომპლექტა. მოგეხსენებათ, კატალონელთა დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა და ასტურიელი ლუის ენრიკე ბარსელონასა და მხარის სხვა ქალაქებში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობის პოზიციას იზიარებს. ლუჩომ ხმა იმ პარტიას მისცა, რომლის საარჩევნო პროგრამა კატალონიის ესპანეთისგან სრულ დამოუკიდებლობას ითვალისწინებს.

გოჩა კაჭარავა
ჟურნალი “ათიანი” ნომერი 77  2015 წელი