ხვიჩა კვარაცხელიას მიაჩნია, რომ პსჟ-სთვის მიმდინარე სეზონში ყველაზე რთული ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში სტუმრად მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩატარებული მატჩი აღმოჩნდა. პარიზელებმა პირველი თამაში შინ 5:4 მოიგეს, ხოლო სტუმრად გერმანელებთან 1:1 ითამაშეს და ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდნენ.
„ფინალში გასვლა ძალიან გვიხარია. ვიცით, რომ „არსენალთან“ რთული შეხვედრა გველოდება. ამჟამად, „ბაიერნი“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელთან დაპირისპირება ძალიან ძნელი იყო. ვფიქრობ, ეს თამაში ჩვენთვის სეზონში ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. თუმცა, ვაჩვენეთ, რომ ასეთ მეტოქეებთან თამაში შეგვიძლია“ – იუწყება უეფას ვებგვერდი კვარაცხელიას ნათქვამს, რომელმაც მიუნხენში ჩატარებულ შეხვედრაში საგოლე პასი შეასრულა.
ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 15 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მან პლეი-ოფში 8-ჯერ ითამაშა და 7 გოლის (2 დუბლი) გატანის გარდა, 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთ გათამაშებაში პლეი-ოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა.
ლაშა თაბაგარი





