ანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ (93:89). ამ წარმატების შედეგად, აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალურ სერიაში წონასწორობა აღდგა და ანგარიში გათანაბრდა.
აღსანიშნავია, რომ კანადურმა გუნდმა საკმაოდ დაბალი პროცენტული მაჩვენებლებით იასპარეზა: 97 მცდელობიდან მხოლოდ 31 ტყორცნა გამოიყენეს, ხოლო 30-დან მხოლოდ 4 სამქულიანი ჩააგდეს. მიუხედავად ასეთი სტატისტიკისა, მასპინძლებმა მოგება მაინც შეძლეს, რადგან დაკარგვებსა და არაზუსტ სროლებში არც ოპონენტი ჩამორჩათ.
ქართველმა ფორვარდმა პმოედანზე 13 წუთი დაჰყო. ამ დროში მამუკელაშვილმა ფორვარდმა 2 ქულა, 8 მოხსნა (აქედან 3 მეტოქის ფარზე), 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ ორიდან ერთი ორქულიანი გამოიყენა, ერთი სამქულიანი კი ააცილა. მან მატჩი დაკარგვის გარეშე და ერთი პერსონალური ფოლით დაასრულა, მისი თამაშის დროს კი „რეპტორსმა“ მეტოქესთან შედარებით 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.
გამარჯვებულთა მხრიდან საუკეთესო შედეგი ბრენდონ ინგრემმა და სკოტი ბარნსმა აჩვენეს — მათ 23-23 ქულა დააგროვეს. არ ჯეი ბარეტმა გუნდს 18 ქულა შესძინა, ხოლო კოლინ მარი-ბოილსმა ორმაგი დუბლით (15 ქულა, 10 მოხსნა) გამოიჩინა თავი. რაც შეეხება „კლივლენდს“, დონოვან მიტჩელმა 20 ქულა მოაგროვა, რომელთა უმეტესობაც ბოლო პერიოდზე მოდის, თუმცა გადამწყვეტ მომენტში სიზუსტე დააკლდა. ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე 19 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემაა, თუმცა მის თამაშს 7 დაკარგვამ დაასვა დაღი.
სერია ახლა კლივლენდში ბრუნდება. 29 აპრილის ღამეს „ტორონტო“ სტუმრად ეცდება, მიმდინარე დაპირისპირებაში პირველი გასვლითი გამარჯვება მოიპოვოს.





