მექვაბიშვილის მორიგი საგოლე გადაცემა

0
3

ანზორ მექვაბიშვილმა კრაიოვას „უნივერსიტატიას“ რიგებში მიმდინარე სეზონში რუმინეთის უმაღლეს დივიზიონში თავისი მეექვსე საგოლე პასი შეასრულა. საჩემპიონო ჯგუფის მე-5 ტურში კრაიოველებმა შინ ბუქარესტის „რაპიდი“ 1:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და საგოლე გადაცემა ალ ჰამლავის გაუკეთა, რომელმაც შეხვედრაში ერთდაერთი გოლი გაიტანა. მექვაბიშვილი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შეცვალეს.
კრაიოველები 39 ქულით 6-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ამდენივე ქულა აქვს კლუჟის „უნივერსიტატიას“, რომელსაც გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით ჩამორჩებიან.
პორტუგალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ლისაბონის „სპორტინგი“ სახლში თანაქალაქელ „ბენფიკასთან“ 1:2 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი მასპინძლების განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. „სპორტინგი“ 71 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მესამე ადგილზე დაქვეითდა.
ლაშა თაბაგარი