კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურში თბილისის „დინამომ“ ტყიბულის „მეშახტეს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
მატჩის დაწყებიდან ცოტა ხანში ჰაილიდ დოლტმურზიევმა ახლო მანძილიდან თავით დაარტყა და ტყიბულელები გოლის გაშვებას ლევან შოვნაძემ ნახტომში გადაარჩინა.
28-ე წუთზე განელმა დონკორმა მეტოქის ნახევარზე სისწრაფეში დაჩაგრა ერთი ტყიბულელი ფეხბურთელი, ხოლო საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ორ მცველა გაექცა და მახვილი კუთხიდან დაარტყა – შოვნაძის უხეში შეცდომის გამო ანგარიში გაიხსნა.
32-ე წუთზე „მეშახტეს“ შეტევის დროს ცოტნე ფაცაციამ დინამოელთა ნახევარზე ბექა შუბითიძე მოძებნა, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან გადაცემა საჯარიმოში ისევ ფაცაციას გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი მიხეილ მაქაცარიას კარი აიღო.
მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში არბიტრმა აკაკი ფარჯიკიამ უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა მასპინძლების განელ ნახევარმცველ ბარნს ოსეის, რომელმაც თამაში ნაადრევად დაასრულა. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ფარჯიკიას გადაწყვეტილება საკამათო იყო, რადგან აფრიკელს სიხარულიძესთან ორთაბრძოლის დროს ისე არ უუხეშია, რომ გაეფრთხილებინათ.
მეორე ტაიმის შუაწელში „მეშახტეს“ დაწინაურება შეეძლო, როდესავ კუთხურის ჩაწოდების შემდეგ. შეტევაში ჩართულმა მცველმა ლაშა უგრეხელიძემ თავით დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
ამ ეპიზოდიდან დიდი დრო არ გასულა, რომ დინამოელთა შეტევას და მარჯვენა ფრთიდან საჯარიმოში ჩაწოდებას გიორგი ხარებაშვილის თავური მოჰყვა, მაგრამ ბურთი ხარიხას შეეხო და მოედნის ფარგლები დატოვა.
ვლადიმერ კაკაშვილის თავკაცობით „დინამომ“ მიმდინარე სეზონში ერთი თამაში მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 1 წააგო – 8 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზე.
ვლადიმერ ბურდულის ხელმძღვანელობით გასულ კვირაში „მეშახტემ“ თბილისში მოქმედ ჩემპიონ „იბერიასთან“ ფრე (2:2) ითამაშა და ახლა ქულა „დინამოსთან“ აიღო – 8 ქულით მეექვსეა.
იტალიელი დიეგო ლონგოს გაწვრთნილი „დილა“ წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში ადგილობრის „სამგურალს“ დაუპირისპირდა და 1:0 აჯობა. შეხვედრის 87-ე წუთზე გამბიელი მცველი მამინ სანიანგი მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და ერთ მცველს გაცდა, რის შემდეგ დაარტყა – ბურთი ფეხზე ბრაზილიელ მცველ პაბულუ რიანს შეეხო და კარში აღმოჩნდა.
„დილა“ 10 ქულით მეოთხეა, ხოლო გიორგი ონიანის დამოძღვრილი „სამგურალი“ 8 ქულით მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი





