ფუტსალის ნაკრებმა აზერბაიჯანს პირველი ამხანაგური მოუგო

0
9

ფუტსალში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მსოფლიო ჩემპოონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადების ეგიდით, თბილისში აზერბაიჯანის ნაკრები 4:2 დაამარცხა. ჩვენებს შესაძლოა უფრო დიდი ანგარიშით მოეგოთ, მაგრამ აზერბაიჯენლთა მეკარემ რამდენჯერმე თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
შეხვედრის მე-5 წუთზე ვახტანგ ჯვარაშვილმა მეტოქის ბურთი მისსავე ნახევარზე აართვა და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. წუთზე ნაკლებ დროში მასპინძლები ჯანიკო გიორგაიამ დააწინაურა.
მეორე ტაიმის განახლებიდან სამ წუთში ნიჰად ისმაილოვმა ერთი ბურთი გაქვითა. 31-ე წუთზე ირაკლი თოდუამ ერთი მეტოქე ჩამოიცილა და ლამაზი გოლი გაიტანა. 39-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარი ქენან მანაფოვმა თავით აიღო. თამაშის მიწურულს ჩვენმა გუნდმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშა, რომელიც ნიკოლოზ კურტანიძემ გოლით დაასრულა.
საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანთან მეორე ამხანაგურ მატჩს 11 აპრილს ჩაატარებს, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება.

ლაშა თაბაგარი