ვილი სანიოლი: “ერთა ლიგის ახალ გათამაშებას ამბიციით ველოდებით”

0
13

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მომავალ გათამაშებას ამბიციით ელოდება. ამის შესახებ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია დაესწრნენ.
ვილი სანიოლი: “მიზანი, როგორც ყოველთვის, არის სწორი ბალანსის პოვნა ჩვენს დაცვით და შეტევით შესაძლებლობებს შორის. იმედგაცრუებული ვარ ბოლო ექვსი თვის შედეგებით. განსაკუთრებით საკვალიფიკაციო ეტაპზე სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში, რადგან ვფიქრობ, უკეთ შეგვეძლო თამაში, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ.
თუმცა, ზოგჯერ სწორედ რთულ ვითარებაში იწყებ გამოსავლის პოვნას. ახლა, მარტიდან ივნისამდე ოთხი ამხანაგური თამაში გვაქვს და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა სიახლეებისთვის. ვგულისხმობ როგორც ახალ მოთამაშეებსაც, ისე ტაქტიკურ ორგანიზაციას. რა თქმა უნდა, ამ ოთხ მატჩს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვცადოთ სხვადასხვა ვარიანტი და ვიპოვოთ საუკეთესო ბალანსი შემოდგომისთვის.
ბოლო პერიოდში ტაქტიკაზე უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულება გახდა. იმავეს პეპ გვარდიოლა, კარლო ანჩელოტი და იურგენ კლოპი ამბობენ.
ერთა ლიგის ახალ გათამაშებას ამბიციით ველოდებით. არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოვიგებთ და A ლიგაში გადავალთ, მაგრამ ჩვენი მიზანი თავიდანვე იქნება პირველი ადგილის დაკავება — ეს ბუნებრივია ნებისმიერი ტურნირისთვის.თუმცა ვიცით, რომ უნგრეთთან, ირლანდიასთან და უკრაინასთან ძალიან რთული ჯგუფი იქნება. ამიტომაც ეს ოთხი მატჩი მარტსა და ივნისში ძალიან მნიშვნელოვანია რათა მივიღოთ პასუხები ჩვენს კითხვებზე და მაქსიმალურად გავზარდოთ მოთამაშეების თავდაჯერება.
ქოჩორაშვილის სიტუაცია დიდი ხანია, ვაკვირდები. ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მუხლის ტრავმა დიდი ხანია აწუხებს, მაგრამ როგორც ინფორმაცია მაქვს, ვარჯიში დაიწყო და მოედანზე მალე დაბრუნდება. რაც შეეხება ნაკრების მომავალ კაპიტანს – დღეს ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან კაშია ჯერ კიდევ კაპიტანია. მოთამაშეებს დაველაპარაკები და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, ვინ გახდება ნაკრების კაპიტანი.”
ალექსანდრე იაშვილი : “მინდა, პირველ რიგში, გამოვხატო თითოეული ჩვენგანის ღრმა მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, სრულიად საქართველოსა და ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი ტკივილი და მძიმე დანაკლისია. პატრიარქის თითოელი სიტყვა და დამოკიდებულება ადამიანების მიმართ ბევრი ჩვენგანისათვის ცხოვრების მაგალითად დარჩება. ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ რამდენჯერმე მქონდა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა — თითოეული ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელია.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი ფეხბურთელი დავაბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში. მოგეხსენებათ, 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად იყო შეკრებაზე მათე ისაკაძე, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის 15-წლამდელთა ნაკრების კაპიტანია. ძალიან გვიხარია, რომ ჩამოვიდა და იმედი გვაქვს, მომავალში საქართველოს ნაკრებს აირჩევს. შემდეგ შეკრებაზე ჩამოვა ნიურნბერგის 17 წლამდე გუნდის წევრი, რომელიც დედით ქართველია – ადი დემირი. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ მეტი ქართველი ფეხბურთელი დავაბრუნოთ საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს კონკურეციის ზრდას და ჩვენი ნაკრებების გაძლიერებას.
ვმუშაობთ ივნისის მეორე ამხნაგური მატჩის ორგანიზებაზე. მეტოქის შერჩევისას, რა თქმა უნდა, გვაქვს კომუნიკაცია მთავარ მწვრთნელთან. სწორედ მწვრთნელის იდეების და მომავალი მეტოქეების გათვალისწინებით შეირჩა ისრაელის და რუმინეთის ნაკრებები. ვფიქრობ, ბევრი აქვთ საერთო ჩვენს მომავალ მეტოქეებთან”.
ლაშა თაბაგარი