” ტორპედოს” ზედიზედ მეორე მარცხი

0
9
  • კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე ტურის სამი მატჩი გაიმართა. რუსთავმა დაბრუნება მოგებით აღნიშნა, კერძოდ, ქუთაისის ტორპედოს აჯობა. დინამო თბილისმა სპაერი დაამარცხა, ხოლო დინამო ბათუმისა და გაგრას დაპირისპირება ფრედ დასრულდა.

რუსთავი 1:0 ტორპედო 

გიორგი ცეცაძის გაწვრთნილმა რუსთავმა ჟან სოუზა დე ალმეიდას გოლით მოუგო ტორპედოს. ბრაზილიელმა ტექნიკაზე გათვლით, დაბალ კუთხეში დარტყმით მე-7 წუთზე დააწინაურა რუსთაველები.

ტორპედოს მალევე შეეძლო გათანაბრება: ვლადიმერ მამუჩაშვილი წააქციეს, პენალტი დაინიშნა და სერბმა კომნენ ანდრიჩმა ზუსტადაც შეასრულა, მაგრამ არბიტრმა გიორგი ავაზაშვილმა ანდრიჩს ახლიდან დაარტყმევინა. მიზეზი? სერბმა სასტვენის გარეშე დაარტყაო. სერბმა ფორვარდმა ამჯერად ვეღარ გაიტაა – მეკარე პაპუნა ბერუაშვილმა მოიგერია ბურთი…

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მეტი გოლი არ გასულა. რუსთავმა სეზონში პირველივე შეხვედრა მოიგო, ტორპედოს კი ორი მატჩიდან ორივე წაგება აქვს…

დინამო ბთ 1:1 გაგრა

სამი პენალტი დაინიშნა, აქედან ორი გავიდა და 1:1 დაფიქსირდა.

73-ე წუთი იყო, როცა ბათუმელთა მოლდოველი ფორვარდი დმიტრი მანდრიჩენკო გაგრელთა საჯარიმოში წააქციეს. პენალტი ნიკა კალანდარიშვილმა დაარტყა და ოლეკსანდრ ვორობეიმ მოგერია ბურთი…

86-ე წუთზე ისევ მანდრიჩენკო მოექცა ყურადღების ცენტრში. თითქმის იგივე ადგილზე მეორედ მოიპოვა თერთმეტმეტრიანი. არბიტრმა კობა რევაზაშვილმა VAR-ზე გადაამოწმა ეპიზოდი და თეთრი ნიშნულისკენ მიუთითა. ისევ ნიკა კალანდარიშვილმა დაარტყა და ამჯერად ზუსტადაც – 1:0.

თუმცა გაგრამ მაინც მოახერხა გათანაბრება. რევაზაშვილმა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ამჯერად ბათუმელთა კარში დანიშნა პენალტი: მიიჩნია, რომ ლუკა ქაფიანიძემ წესები დაარღვია ლუკა კეკელიძის წინააღმდეგ. თერთმეტმეტრიანი გამოცდილმა მათე ცინცაძემ შეასრულა და 11:1. ასე დასრულდა დაძაბული მატჩი.

სპაერი 1:2 დინამო თბ

თბილისის დინამოელებმა სპაერს მოუგეს. სწრაფი გოლი ვნახეთ; ნიკა ნინუას კუთხურიდან ჩაოწდებულს მოჰყვა ნიკოლოზ უგრეხელიძის თავური და 0:1.

35-ე წუთზე დინამოელების სწრაფი კონტრშეტევა განხორციელდა, გიორგი გვასალიას ბოლო პასი კი რუი მონტეირუმ გამოიყენა – 0:2.

მეორე ტაიმის შუაში სპაერმა სხვაობა შეამცირა. გოჩა ცირდავამ მოიპოვა თერთმეტმეტრიანი და გიგა სამხარაძემ ზუსტად შეასრულა – 1:2. ისე, ეს პენალტიც VAR-ზე გადამწომების მერე დაინიშნა.

მოკლედ, დღეს სამივე შეხვედრაში დაინიშნა მინიმუმ ერთი პენალტი. სულ 5 თერთმეტმეტრიანი ვნახეთ და აქედან 3 გავიდა…

ერთიც: საინტერესოა, რომ მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 6 მატჩი ჩატარდა, აქედან ერთი ფრედ დასრულდა, ხუთში კი ერთბურთიანი სხვაობა დაფიქსირდა.