ნორვეგიის „ბოდო-გლიმტი“ არსებობის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გავიდა. პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში სკანდინავიელებმა მილანის „ინტერს“ შინ 3:1 სძლიეს, ხოლო იტალიაში გამართული მატჩი 2:1 მოიგეს.
„სან-სიროზე“ გამართული თამაშის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 58-ე წუთზე „ინტერის“ მცველმა აკანჯიმ თავის ნახევარზე ბურთი ბლომბერგს „ჩააბარა“, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და დაარტყა – ზომერმა ბურთი მოიგერია, ხოლო ჰაუგემ ზუსტად დაამატა – 0:1.
72-ე წუთზე ნორვეგიელების კონტრშეტევის დროს ჰაუგემ მილანელთა საჯარიმოში ევიენი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა, ხოლო მეორეთი კარში ისე გადაგზავნა, რომ მცველმა ხელი ვერ შეუშალა – 0:2. 76-ე წუთზე „ინტერმა“ კუთხური ჩააწოდა და ბასტონიმ ერთი ბურთი გაქვითა. „ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან 5 წააგო.
მადრიდის „ატლეტიკომ“ შინ ბელგიის „ბრიუგე“ 4:1 დაამარცხა და ვინაიდან პირველი თამაში 3:3 დასრულდა, 1/8-ფინალში ითამაშებს. ესპანელთა რიგებში ჰეთ-თრიქი ნორვეგიის ეროვნული გუნდის ფორვარდმა სორლოტმა შეასრულა. ის „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ერთ შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
ლევერკუზენის „ბაიერმა“ შინ საბერძნეთის „ოლიმპიაკოსთან“ უგოლო ფრე ითამაშა, მაგრამ გერმანელებმა პირველი შეხვედრა სტუმრად 2:0 მოიგეს და 1/8-ფინალში მოხვდნენ.
„ნიუკასლმა“ გასვლაზე აგდამის „ყარაბაღთან“ 6:1 მოგების მერე, სახლში აზერბაიჯანელებს 3:2 აჯობა და ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლას განაგრძობს. „ყარაბაღი“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც ერთ სეზონში 30 გოლი გაუშვა.
ლაშა თაბაგარი





