პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრი პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სტუმრად „მონაკოსთან“ ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 69-ე წუთზე შეცვალეს. ის ტრადიციულად თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
შეხვედრის პირველ წუთზე ნუნუ მენდეშმა თავისი ნახევრიდან ცუდი დიაგონალური პასი გააკეთა და „მონაკომ“ კონტრშეტევა დაიწყო, ხოლო პსჟ-ს საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა გოლოვინმა პასი ბალოგუნს გაუკეთა, რომელმაც თავით გაიტანა – 1:0 მე-18 წუთზე ბალოგუნმა მარკინიოსს სისწრაფეში აჯობა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა – 2:0.
21-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ აართვა ბურთი ფაესს, რომელმაც საჯარიმოში ქართველი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ვიტინიამ თერთმეტმტერიანი შეასრულა და მეკარემ ბურთი მოიგერია. 27-ე წუთზე ტრავმირებული დემბელე შეცვალა დუემ, რომელიც მატჩის გმირი გახდა.
29-ე წუთზე დუემ ბურთი მასპინძლების საჯარიმოში მიიღო და მარცხენა ფეხით შორეულ დაბალ კუთხეში გაიტანა – 2:1.. 41-ე წუთზე დუემ დაახლოებით 20 მეტრიდან დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია, ხოლო სააჯრიმოში მყოფმა ჰაკიმიმ ანგარიში გაათანაბრა – 2:2. 45-ე წუთზე კვარაცხელია შეტევა მოედნის ცენტრიდან დაიწყო და საჯარიმოში შესული სამ მცველს გაექცა, მაგრამ ახლო კუთხეში არაზუსტად დაარტყა.
48-ე წუთზე გოლოვინი მოედნის ცენტრში ნევეშს ეუხეშა და წითელი ბარათი მიიღო. 67-ე წუთზე პსჟ-ს რამდენიმესვლიანი კომბინაციის დროს, რომელშიც კვარაცხელიაც მონაწილეობდა, მონაკოელთა საჯარიმოში დუემ ბურთი დაამუშავა და კარში გადაგზავნა – 2:3.
ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 25 თებერვალს პარიზში ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





