20-წლამდელების ორი ტესტ-მატჩი მსოფლიო ჩემპიონთან

0
8

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულიჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულ, მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან თებერვლის მიწურულს ორ ტესტ-მატჩს გამართავს.
თავდაპირველი ინფორმაციით ორივე შეხვედრა თბილისში, „ლელო არენაზე“ უნდა გამართულიყო, თუმცა დიდი 10-ის განახლების ერთი კვირით გადაწევის შემდეგ, ცვლილებები განხორციელდა.
22 თებერვალს, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვიტო კოლელიშვილის სადებიუტო თამაშში, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკელ თანატოლებს რუსთავში, „ხარები არენაზე“ დაუხვდება, ხოლო 27 თებერვალს თბილისში, „ლელო არენაზე“ შეერკინება. ორივე თამაში 15 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრები საქართველოს შარშან თებერვალშიც სტუმრობდა და მაშინ მეტოქემ სერიის ორივე შეხვედრა მოიგო – 38:29 და 27:12.
გუნდები 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც საქართველო, თბილისი და ქუთაისი 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.
rugby.ge