ფიფამ ბათუმის “დინამოს” 2026 წლის ივნისამდე სატრანსფერო შეზღუდვა დაუწესა

0
19
ფიფამ ბათუმის “დინამოს” სატრანსფერო შეზღუდვა დაუწესა, რის შესახებ კლუბი თავის ოფიციალურ განცხადებაში იუწყება:
“ბათუმის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელების მხრიდან, გასულ წლებში არსებული დავალიანებების გამო ფიფაში შეტანილი საჩივრების გათვალისწინებით, 2025 წლის პირველი ივნისიდან, 2026 წლის ივნისამდე, კლუბს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მხრიდან სატრანსფერო შეზღუდვა აქვს დაწესებული.
2025 წლის დეკემბრიდან, “დინამოს” სააქციო საზოგადოება “დბ 1923”-ის მმართველობაში გადასვლისთანავე, ახალი მენეჯმენტის პირობებში, ფიფასა და საქართვლოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტში არსებული ყველა დავალიანების შესწავლისა და დაფარვის პროცესი დაიწყო.
კლუბს სატრანსფერო შეზღუდვა ფიფას მხრიდან საფეხბურთო კლუბ “ანკარაგუჯუს”, ასევე ფეხბურთელების: კირილო მელიჩენკოს, მესი ბიატუმუსოკას, გიტის პაულაუსკასის, ვანდერსონ სილვას, ედმუნდ არკო-მესასა და ალექს სანტოსის მიმართვის საფუძველზე აქვს დაწესებული. აღსანიშნავია, რომ ვანდერსონ სილვას შემთხვევაში ფიფამ სადისციპლინო სანქცია გამოიყენა, რაც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სასჯელს წარმოადგენს.
თურქულ კლუბთან და თითოეულ ზემოაღნიშნულ ფეხბურთელთან მორიგების აქტი გაფორმდა, რის საფუძველზეც, 2026 წლის 20 იანვრის მონაცემებით, დავალიანებები სრულადაა დაფარული.
ახალი მენეჯმენტის პირობებში, ფიფას სატრანსფერო შეზღუდვის მოხსნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. თუმცა მიუხედავად დავალიანებების სრულად დაფარვისა, 2026 წლის 21 იანვრის მონაცემებით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ბათუმის “დინამოს” მიმართ სატრანსფერო შეზღუდვა კვლავაც ძალაში დატოვა.
ბათუმის “დინამო” აქტიურ რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამის ჯგუფთან და ორგანიზაციასთან, რათა ახალი მენეჯმენტის პირობებში, კლუბის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება მოსარჩელე მხარეებისა თუ სამართლიანი თამაშის წესების მიმართ ფიფას მხრიდან კიდევ ერთხელ შეფასდეს, რაც არსებული გადაწყვეტილების გადახედვის იმედს გვიტოვებს.
სატრანსფერო შეზღუდვის მიუხედავად, “დინამო ბათუმი” ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონისათვის თურქეთის ქალაქ ანთლიაში 27 ფეხბურთელით აქტიურად ემზადება”.
ლაშა თაბაგარი