ლომინაძე სასტარტოში დაბრუნდა, მამაგეიშვილი დიდი ხნის მერე გამოჩნდა

0
28

ნოდარ ლომინაძემ ტრავმის მორჩენის შემდეგ, „ეშტორილის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა. მე-19 ტურში „ეშტორილმა“ შინ „ვიტორია გიმარაეში“ 4:2 დაამაცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მოედანზე პირველი ტაიმი გაატარა და 33-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
სტუმრებმა პირველი ნახევარი 2:1 მოიგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ მასპინძლებმა სამი ბურთი გაიტანეს და სამი ქულა აიღეს. „ეშტორილი“ 26 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. ლომინაძე პორტუგალიაში სადებიუტო სეზონს ატარებს და ჩემპიონატში 14-ჯერ ითამაშა, ხოლო თავის ანგარიშზე 2 გოლი ჩაიწერა.
„ფამალიკაომ“ თავის მოედანზე „ტონდელას“ 3:0 სძლია. მასპინძლებში დიდი ხნის პაუზის შემდეგ ქართველმა ნახევარმცველმა ოთარ მამაგეიშვილმა ითამაშა, რომელიც მოედანზე 83-ე წუთზე შევიდა, მანამდე, მას ზედიზედ 12 მატჩში „ფამალიკაოში“ ერთი წუთიც არ გაუტარებია. „ფამალიკაო“ 29 ქულით მე-7 პოაიციაზეა.
ლაშა თაბაგარი