ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წელი საფრანგეთის სუპერთასზე გამარჯვებით დაიწყო. ქუვეითში გამართულ შეხვედრაში პსჟ-მ „მარსელს“ პენალტების სერიაში აჯობა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. მან პსჟ-ს შემადგენლობაში მე-6 ტიტული მოიპოვა. მანამდე, ხვიჩამ საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.
შეხვედრის მე-7 წუთზე „მარსელმა“ კუთხური ჩააწოდა და ლეონარდო ბალერდის თავურის შემდეგ, მეკარე შევალიემ პარიზელები გოლის გაშვებას გადაარჩინა. მე-13 წუთზე „მარსელის“ ფეხბურთელმა თავის ნახევარზე მარცხენა ფლანგიდან ძალიან ცუდი პასი გააკეთა ცენტრში და ბურთი ვიტინიას მიუვიდა, რომელმაც ერთი შეხებით მეკარესთან უსმან დემბელე დატოვა, ამ უკანასკნელმა კი ანგარიში გახსნა 1:0.
მე-18 წუთზე გოლის გატანის შესაძლებლობა მეისონ გრინვუდს ჰქონდა, რომელმაც პსჟ-ს კარი ვერ აიღო. მე-20 წუთზე ნუნუ მენდეშმა მარცხენა ფლანგზე კვაარცხელია მოძებნა, რომელიც საჯარიმოში შევიდა და ბურთი პორტუგალიელი მცველი მოძებნა, რომელსაც „მარსელის“ მეკარემ არ გაატანინა. 34-ე წუთზე თავის გამოჩენა ემერსონს ჰქონდა, მაგრამ შევალიემ საუცხოოდ ითამაშა.
74-ე წუთზე გრინვუდ შევალიესთან პირისპირ გავიდა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მეკარემ წააქცია, ხოლო მსაჯმა პენალტი დანიშნა. გრინვუდმა თერთმეტმეტრიანი გაიტანა – 1:1.
87-ე წუთზე „მარსელის“ შეტევის დროს ტრაორემ მარცხნიდან საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, რომელიც პაჩომ თავის კარში ჩაჭრა – 1:2. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ნევეშმა მოედნის ცენტრიდან საჯარიმოში გახსნილი ბარკოლა მოძებნა, რომელმაც თავით პასი გონსალუ რამუშს გაუკეთა, ხოლო პორტუგალიელმა ანგარიში გაათანაბრა.
რეგლამენტის თანახმად დამატებითი დრო არ დაინიშნა, პენალტების სერიაში კი პსჟ-მ 4:1 გაიმარჯვა – შევალიემ ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია. პარიზელებმა სუპერთასი მეთოთხმეტედ მოიგეს და თავისი რეკორდი გააუმჯობესეს, ხოლო ბოლო 13 წელიწადში ამ ჯილდოს მეთორმეტედ დაეუფლნენ. ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით პსჟ-მ მე-10 ტიტული მოიგო. ესპანელმა სპეციალისტმა “ბარსელონას” მწვრთნელის რანგში 9 ჯილდოს დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი





