‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასის მეორე ტურში ირლანდიურ ‘ქონოთს’ წვიმიან გალვეიში შეხვდა და მშრალი ანგარიშით, 0:52 დამარცხდა.
„დექსქომ სთედიუმზე“ მასპინძლები სრულად დომინირებდნენ. რიჩარდ ქოქრილის შეგირდებს ამ დღეს არაფერი გამოსდიოდათ და შედეგიც ლოგიკური დადგა.
მასპინძლები მოლის შემდეგ დებიუტშივე დაწინაურდნენ. მე-7 წუთზე შალვა აფციაური სინბინით დაისაჯა და 10-წუთიანი რიცხობრივ უპირატესობაში მასპინძლებმა ორი ლელო მიითვალეს, ტაიმის დასკვნით 12 წუთში კი მიზანს კიდევ სამჯერ უწიეს – 0:38.
მეორე ტაიმში თამაში შედარებით გათანაბრდა, თუმცა შეცდომების გამო ჩვენი შესაძლებლობები ვერ გამოვიყენეთ, ‘ქონოთმა’ კი კიდევ ორი ლელო გაიტანა და დიდი სხვაობით გაიმარჯვა.
ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის კიდევ ორ თამაშს ‘შავი ლომი’ იანვარში გამართავს. 10 იანვარს ტოპ 14-ის ‘მონტობანს’ საფრანგეთში ვეწვევით, ხოლო 17 იანვარს იტალიურ ‘ძებრეს’ თბილისში, „მიხეილ მესხზე“ დავუხვდებით.
2025/2026 წლების ჩელენჯ თასი
პირველი ჯგუფი. მეორე ტური
14 დეკემბერი. კვირა.
გალვეი. „დექსქომ სთედიუმი“
შავი ლომი (საქართველო) – ქონოთი (ირლანდია) 0:52
შავი ლომი
ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გურამ ღანიაშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი სპანდერაშვილი, 22. ზაურ ლუტიძე, 23. ალექსანდრე თოდუა.





