გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალში“ გადასვლის შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატში თავისი მესამე გოლი გაიტანა.
მე-15 ტურში „ვილიარელმა“ „ხეტაფე“ მიიღო და 2:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 35-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა თავით სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მეკარე ბურთს დაეუფლა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ბუქენენმა გახსნა. 48-ე წუთზე „ხეტაფეს“ ნახევარმცველი ლუის მილია არასპორტული საქციელისთვის გაუძევეს.
64-ე წუთზე „ვილიარელის“ მეკარე ბურთი თამაშში ფეხით შეიყვანა და იგლესიასმა თავის ნახევარზე თავით ცუდად ითამაშა, ხოლო საჯარიმოში შეჭრილმა მიქაუტაძემ ტყავის სფერო კარიდან ოდნავ წინ გამოსულ დავით სორიას თავს ზემოთ გადაუგდო – 2:0. გიორგი მე-80 წუთზე შეცვალეს. მან ჩემპიონატის გარდა, თითო გოლი ესპანეთის თასზე და ჩემპიონთა ლიგაში შეაგდო. „ვილიარეალი“ 35 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა.
ლაშა თაბაგარი





