„იბერიამ“ „გარეჯი“ პლეი-აუტში გაუშვა

0
3

თბილისის „იბერია“ გუგა ნერგაძის თავკაცობით კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში „მიხეილ მესხი 2“-ზე საგარეჯოს „გარეჯს“ ეწვია და 4:0 დაამარცხა.
მატჩის მე-11 წუთზე შეტევაში ჩართულმა გიორგი ჯინჯოლავამ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა ირაკლი ძაგანიამ თავურით ანგარიში გახსნა.
39-ე წუთზე „გარეჯის“ ფორვარდი სერგო კუხიანიძემ თავის ნახევარზე უკნიდან ფეხებში ვარდნით კოტდივუარელ არმელ ზოურის წააქცია და მთავარმა მსაჯმა ალეკო აფციაურმა პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა. 42-ე წუთზე ჯინჯოლავამ მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში გადაცემა გააკეთა და ძაგანიამ ისევ თავით გაიტანა.
65-ე წუთზე „იბერიას“ შეტევა დაახლოებით 18 მეტრიდან ნიკოლოზ დადიანმა მოჭრილი დარტყმით დაასრულა და ბურთი „ცხრიანში“ გაახვია. 78-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ზოურიმ მარჯვნიდან ზუსტი პასი კარი წინ გახსნილ გურამ გოშთელიანს მისცა, რომელმაც თავით საბოლოო წერტილი დასვა.
„იბერია“ 77 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და ბოლო ტურში “გაგრას” მიიღებს. გიორგი მიქაძის გაწვთნილი “გარეჯი” ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-აუტში ითამაშებს.
გარეჯი 0:4 იბერია 1999 
ლაშა თაბაგარი