ჩემპიონობისთვის მებრძოლი გორის „დილა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში უკვე გავარდნილ ფოთის „კოლხეთს“ ესტუმრა და 4:1 აჯობა. მატჩის მე-20 წუთზე ებრაელმა ფორვარდმა აბდალამ მეკარე საბა ცარციძეს ბურთი „კოლხეთის“ საჯარიმოში აართვა და პასი შეყილაძეს მისცა, რომლის დარტყმული ცარციძემ გაანეიტრალა, მაგრამ განელმა სირილ ედუძიმ ბურთი ისევ „დილას“ ფორვარდს გადააწოდა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
37-ე წუთზე ოთარ ფარულავამ დაახლოებით 27 მეტრიდან დაარტყა და ბურთი ფოთელთა მცველს თავში მოხვდა, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა. 38-ე წუთზე აბდალან ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და პასი ედუძის გაუკეთა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა.
52-ე წუთზე გორელთა მცველმა თავის საჯარიმოში ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც გიორგი კვირკველიას მიუვიდა და 19 წლის მცველმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. 58-ე წუთზე „კოლხეთის“ კოტდივუარელი მცველი სულეიმან მეიტე გააძევეს, რომელმაც უკნიდან ფეხში თედო კიკაბიძეს ჩაარტყა. ტრავმირებული კიკაბიძე პორტუგალიელმა ტიაგო ილორიმ შეცვალა. 66-ე წუთზე აბუბაქარ კონტემ მოედნის ცენტრიდან წამოიღო ბურთი და ერთ მცველს გაცდა, ხოლო საჯარიმოში შესულმა ცარციძის კარი აიღო.
იტალიელი დიეგო ლონგოს გაწვრთნილი „დილა“ 77 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ლიდერ „იბერიას“ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უარესი შედეგით ჩამორჩება. ბოლო ტურში გორელები თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებენ. დავით კვირკველიას ხელმძღვანელობით „კოლხეთი“ 22 ქულით მე-10 პოზიციაზეა.
კოლხეთი 1913 1:4 დილა
ლაშა თაბაგარი





