მიუნხენის „ბაიერნმა“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით პირველი მატჩი წააგო. ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-5 ტურში ვენსან კომპანის გაწვრთნილმა გუნდმა ლონდონში ადგილობრივ „არსენალთან“ ვერაფერი გააწყო.
მატჩის 22-ე წუთზე საკას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ტიმბერმა თავით ანგარიში გახსნა – 1:0. 32-ე წუთზე „ბაიერნის“ კარგი შეტევის დროს გნაბრიმ მეტოქის კარის წინ გახსნილი კარლი მოძებნა და გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა საპასუხო ბურთი გაიტანა.
69-ე წუთზე ლონდონელმა ფეხბურთელმა მიუნხენელთა ნახევარზე ბურთი ჩაჭრა და შეტევა დაიწყო, ხოლო მარცხენა ფლანგიდან კალაფიორის ჩაწოდების შემდეგ, საჯარიმოში მყოფმა მადუეკემ თავისი გუნდი დააწინაურა – 2:1. 77-ე წუთზე „არსენალმა“ კონტრშეტევა თავისი ნახევრიდან დაიწყო და მარტინელი მოედნის ცენტრამდე გამოსულ გერმანელთა მეკარეს გაცდა, რის შემდეგ ცარიელ კარში გაიტანა – 3:1.
„არსენალს“ ყველა ტურნირში ზედიზედ 16 შეხვედრა არ წაუგია – 14 გამარჯვება და 2 ფრე. ლონდონელებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში „ბაიერნი“ პირველად დაამარცხეს. მანამდე, ერთი თამაში ფრედ დაასრულეს, ხოლო ოთხჯერ წააგეს. „არსენალი“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ხუთივე თამაში მოიგო. ამ ტურნირში მეთოფეებს ასეთი სტარტი 2005-2006 წლების სეზონში ჰქონდათ, როდესაც არსებობის ისტორიაში ერთადერთხელ ფინალში გავიდნენ.
მიუნხენელები „არსენალთან“ შეხვედრამდე მიჯრით 18-ჯერ არ დამარცხებულან – 17 გამარჯვება და ერთი ფრე.
ლაშა თაბაგარი





