საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს იწყებს. ერთკვირიანი შეკრება დასრულებულია – ალეკსანდარ ჯიკიჩმა ნაკრების კანდიდატები თბილისი არენაზე ავარჯიშა და ღია ვარჯიშის შემდეგ ის 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც საქართველოს ნაკრები უკრაინასთან სათამაშოდ გავა.
შეკრებაზე არ ყოფილა თორნიკე შენგელია, რომელმაც გუშინ ევროლიგაზე ითამაშა და ბარსელონას მიერ ვილერბანის დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა. თოკო ჯიკიჩის მიერ დასახელებულ 12-კაციან განაცხადშია – გამთენიისას გაემგზავრა ბარსელონადან და თბილისში დღის 4 საათზე იქნება. თორნიკე ნაკრებს სასტუმროში შეუერთდება და 20:50 საათიდან თანაგუნდელებთან ერთად უკრაინის დასამარცხებლად იბრძოლებს.
ნაკრები 12-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება: რატი ანდრონიკაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი, ლუკა მაზიაშვილი და მათე ხატიაშვილი. მაზიაშვილი, ტურძილაძე, ხატიაშვილი და ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, თად მაკფადენი ძირითად ნაკრებში დაბრუნდნენ – დანარჩენი ყველა ეროვნულ ნაკრებში გასულ ევრობასკეტზე იყვნენ. 17 წლის მათე ხატიაშვილმა ნაკრებში ერთადერთხელ, ევრობასკეტ 2024-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო მატჩი, სერბეთთან ითამაშა.
ეს შეხვედრა ქართველი გულშემატკივრების წინაშე ბოლო იქნება გიორგი შერმადინისთვის, რომელიც თითქმის 20-წლიან სანაკრებო კარიერას ასრულებს. ნაკრები მისი ბოლო მატჩი კი 30 ნოემბერს, ესპანეთში შედგება. შესარჩევი ტურნირის პირველი ფანჯრის მეორე მატჩი საქართველო ტენერიფეში ესპანეთს დაუპირისპირდება.





