საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იაპონიასთან ბოლო წუთზე 23:25 წააგო. შედეგად, ჩვენი გუნდი მსოფლიოს თასის წილისყრაში მესამე კალათაში იქნება.
პირველი ტაიმის 9:19 მარცხის შემდეგ მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია, ორი ლელოს დადება მოახერხა და შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე დაწინაურდა – 23:22.
მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა – „ბორჯღალოსნები“ ე.წ. “გაწითლებულ” დროში დაჯარიმდნენ, იაპონელებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და შეხვედრა 25:23 მოიგეს.
მეტოქეს, რომელიც არ გვჯობდა ექვსჯერ მივეცით საშუალება საჯარიმოდან კარში დაერტყა. ეს ძალიან დიდი რიცხვია. სათამაშო დისციპლინის არქონის გამო დავისაჯეთ კიდეც.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში 12 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი ვერ შეინარჩუნა და მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას მესამე კალათაში იქნება.
საქართველო-იაპონია 23:25
საქართველო: ნინიაშვილი, ტაბუცაძე, კვესელაძე, კახოიძე, თაფლაძე, აბჟანდაძე (მატკავა 79), ლობჟანიძე (აფრასიძე 56). (1-8) ახალაძე (მამაიაშვილი 31), ქვათაძე (სუთიძე 65), აფციაური, ბაბუნაშვილი, ჩაჩანიძე (ჯავახია 48), ჯალაღონია (ივანიშვილი 60), საღინაძე, გორგაძე (მამამთავრიშვილი 65).
ლელო: თაფლაძე, კახოიძე
გარდასახვა: აბჟანდაძე (2)
ჯარიმა: აბჟანდაძე (3)





