საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას 10 ნოემბერს დაიწყებს. 15 ნოემბერს ჩვენი გუნდი ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს ბულგარეთის ნაკრებს ესტუმრება.
შეკრების დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.
ვილი სანიოლი: “მეორე ადგილზე გასასვლელად ორივე მატჩის მოგება გვჭირდება, თურქეთმა კი ორივე შეხვედრა უნდა წააგოს. ეს არის შესაძლო სცენარი, თუმცა ამის დაგეგმვა არ შეგვიძლია. თავიდანვე ვთქვით, რომ რთული ჯგუფი იქნებოდა. ზოგჯერ, კარგიც არის რთულ ვითარებაში ყოფნა. ასეთ დროს უფრო ბრძნულ გადაწყვეტილებებს იღებ და შეცდომებსაც უკეთ ხედავ. ახლა, ისეთ ვითარებაში ვართ, როდესაც თავიდან უნდა ავაშენოთ რაღაც კარგი. ასე რომ, არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები სხვა თამაშებში. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ უნდა ავაშენოთ რაღაც ახალი და უკეთესი.
ევროპის ჩემპიონატი ჩვენი საფეხბურთო ისტორიის მაღალი წერტილი იყო. შეგვიძლია ცხოვრებისეული მაგალითი მოვიყვანოთ, როდესაც მეგობრებთან ერთად ძალიან კარგ წვეულებაზე გავერთობით და შემდეგ რამდენიმე დღე გვჭირდება ჩვეულ ფორმაში რომ დაბრუნდე. ვფიქრობ ამ ეტაპზე ვართ, რაც მოსალოდნელიც იყო. გარდა ამისა, გვაქვს თაობათა ცვლა, გამოგვაკლდა, ხოჭოლავა, კვირკველია და გველესიანი, კაშიასაც ასაკი ემატება. ბოლო პერიოდში გუნდს გოგლიჩიძე შემოუერთდა, ხოლო ლოჩოშვილი მეტს თამაშობს ცენტრალური მცველის პოზიციაზე. სწორედ ამიტომ გამოვიძახეთ ახლა ნარიმანიძე და მისი საქმეში ნახვა გვსურს. მომავალი უნდა დავგეგმოთ და ეს დიდი ხნით ადრე უნდა გავაკეთოთ.
ყოველთვის გვაქვს კომუნიკაცია რამაზ სვანაძესთან. ასევე, წარსულში არაერთხელ მიგვინიჭებია პრიორიტეტი ახალგაზრდული ნაკრებისთვის, თუმცა ახლა ისეთ ფაზაში ვართ, როდესაც მომდევნო ერთა ლიგისთვის რაღაც ახალი უნდა შევქმნათ. სწორედ ამიტომ არის გუნდთან ერთად გაბრიელ სიგუა. მას რთული პერიოდი ჰქონდა “ბაზელში”, თუმცა ბოლო დროს შთამბეჭდავად გამოიყურება. მის მწვრთნელთანაც მქონდა კომუნიკაცია და ძალიან კმაყოფილია გაბრიელის თამაშით. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა და ეს არის შესაძლებლობა მისთვის, გვაჩვენოს, რომ შეუძლია მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყოს ნაკრებისთვის.
არ აქვს მნიშვნელობა ტაქტიკას, ტაქტიკის პრობლემა არ არის. მე აგრესიის, კონცენტრაციის, დისციპლინის და სხვა ფაქტორების პრობლემას ვხედავ. უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ თუ გვინდა, რომ წარმატებას კიდევ მივაღწიოთ. თურქეთთან ორივე მატჩში სტანდარტულ სიტუაციების მხრივ კატასტროფული იყო. თუმცა, რეალურად არაფერი შეგვიცვლია, დაცვაში იმავე ტაქტიკით ვთამაშობთ სტანდარტებზე, როგორც 4-5 წლის წინ. შესაბამისად, თუ მაშინ მუშაობდა და ახლა არ მუშაობს, ამიტომ ვამბობ, რომ პრობლემა დამოკიდებულებაშია, არა კონკრეტულ პოზიციურობაში. როდესაც ისეთ მაღალ ფეხბურთელებს კარგავ, როგორებიც გველესიანი და კვირკველია არიან, შეიძლება გამოჩნდეს რაღაც პრობლემები, მაგრამ ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, გამოსავალს ვიპოვით.
ზოგჯერ რთული მომენტები გვეხმარება და დადებითად აისახება ჩვენზე, უფრო მეტ გამოცდილებას ვიღებთ და შეცდომებს ვხედავთ. ამ ეტაპზე გუნდის შენების ფაზაში ვართ, უფრო მომავალზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. როდესაც გუნდში მოვედი, 3-მცველიან სქემაზე მუშაობა დავიწყე, მჯეროდა, რომ ეს იმუშავებდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტაქტიკით ნიდერლანდებთან პირველი მატჩი 0:3 წავაგეთ. სწორედ ესაა ფეხბურთის პრობლემა – დრო საჭიროა. მაგალითად, შემიძლია მოგივყვანოთ ლუის ენრიკე, რომელსაც პსჟ-ში შესანიშნავი შედეგები აქვს, მაგრამ პირველ სეზონში ხალხი გუნდიდან მის წასვლსაც კი ითხოვდა.
გუნდი ერთიანად ვმუშაობთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მე ვიღებ, ამიტომ, ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, მათ შორის, არასწორ გადაწყვეტილებაზე, პასუხისმგებელი ვარ. რაც შეეხება სტანდარტული მდგომარეობებისთვის ცალკე მწვრთნელი, რა თქმა უნდა, გვჭირდება, მაგრამ თუ შევედრებით პრემიერლიგის გუნდებს, რომელთა ბიუჯეტი 600 მილიონია, ცოტა რთული იქნება შედარების გაკეთება.
ირაკლი აზაროვმა კონფერენსლიგაზე მას შემდეგ ითამაშა, რაც ჩვენი განაცხადი გამოქვეყნდა. „შახტარში“ ხშირად სათადარიგო სკამზეა და საშუალოდ, თვეში ერთი სრული მატჩის ჩატარებაც არ უწევს და ამიტომაც, არ არის განაცხადში. რაც შეეხება დვალს, მან ბოლო მატჩები მაღალ დონეზე ვერ ჩაატარა და როდესაც ეს ვუთხარი, კარგი რეაქცია არ ჰქონია. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ დაბრუნდება ნაკრებში, პირიქით, ეს არის მესიჯი, რომ უფრო მეტი იმუშაოს. მე ის ძალიან მიყვარს და ვაფასებ, როგორც ფეხბურთელს, გამოცდილი და კარგი ფეხბურთელია. საბერძნეთთან საუკეთესო იყო და ევროპის ჩემპიონატზეც საკმაოდ კარგად ითამაშა. თუმცა, ის ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვერ ბრუნდება იმ ფორმაში, რომელშიც იყო. ლაშას შეუძლია, რომ იმუშაოს და ნაკრებში დაბრუნდეს.
გოჩოლეიშვილმა ბუნდესლიგაში ძალიან კარგი თამაშები ჩაატარა. მარჯვენა მცველია, მაგრამ მარცხნივაც კარგად თამაში შეუძლია, არანაკლებ, ვიდრე მემარცხენე ფეხბურთელებს. ამიტომაც, ვიყენებთ მარცხენა ფლანგზე, რადგან გვინდა, რომ სათამაშო დრო მივცეთ. გირჩევნიათ, მარცხნივ კარგმა მემარჯვენემ ითამაშოს თუ ცუდმა ცაციამ? მე კარგი ფეხბურთელებით თამაში მირჩევნია. არ ვამბობ, რომ სხვები ცუდი ფეხბურთელები არიან, მე გოჩოლეიშვილზე ვსაუბრობ. ცხადია, უკეთესი იქნება მარცხნივ ცაციამ ითამაშოს, თუმცა ბურთთან პირველი შეხება ახლა ჩვენი პრიორიტეტი არ არის, ჩვენ კარგი დაცვა ხელახლა უნდა ავაშენოთ. თუ თავს კარგად იცავ, კარგადაც უტევ, თუ თავს ვერ იცავ – ვერ უტევ. შესაძლოა, გყავდეს საუკეთესო პირველი შეხების მქონე ფეხბურთელები, მაგრამ თუ ყოველთვის, როცა მარცხნივ ცაციას აყენებ, ის ვერ გიცავს ჩაწოდებებისგან, სტანდარტულებზე, დუელებს აგებს, მაშინ მის თამაშს აზრი არ აქვს”.
ალექსანდრე იაშვილი: “როგორც ვილიმ აღნიშნა, გაბრიელ სიგუას მწვრთნელს ელაპარაკა და ის სრულ მზადყოფნაშია. მას ჰქონდა პრობლემები ბოლო პერიოდში ტრავმებთან დაკავშირებით, რის გამოც მატჩები გაუცდა, მაგრამ ახლა როგორც გვაქვს ინფორმაცია, სრულ მზადყოფნაშია.
ხელშეკრულებაზე უფრო მნიშვნელოვანია ურთიერთობები, რომელიც სტაფს ფეხბურთელებთან აქვს. მთავარი მწვრთნელი სტაფთან ერთად გუნდში წლებია მუშაობს. გვქონდა წარმატებები, მაგრამ რთული მატჩებიც ფეხბურთის ნაწილია. დარწმუნებული ვართ, რომ ვილი ჩვენი ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და გადავლახავთ ამ რთულ პერიოდს.
ბოლო მატჩებით ყველა უკმაყოფილო ვართ – ფეხბურთის ფედერაცია, ფეხბურთელები, მთავარი მწვრთნელი. რა თქმა უნდა, ორივე მეტოქე ძალიან ძლიერი იყო, თუმცა ის ემოცია და ჩვენი სათამაშო სტილი, რაც გამოარჩევდა საქართველოს ნაკრებს, გასულ თამაშებში გვაკლდა. ჩვენი მიზანია, გამოვასწოროთ შეცდომები და დარწმუნებული ვარ, ამას ვილისთან ერთად გავაკეთებთ. გვჯერა, რომ ვილი სანიოლი საუკეთესო მწვრთნელია საქართველოს ნაკრებისთვის”.
საქართველოს ნაკრები, რომელსაც 3 ქულა აქვს, მუნდიალის შესარჩევში მომდევნო შეხვედრას 15 ნოემბერს ევროპის მოქმედ ჩემპიონ და E ჯგუფის ლიდერ ესპანეთთან (12 ქულა) თბილისში ჩაატარებს, ხოლო 18 ნოემბერს – უქულო ბულგარეთს ესტუმრება. თურქეთი 9 ქულით მეორე ადგილზეა.





