საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურმა სტარტი თბილისში აიღო, სადაც „მიხეილ მესხი 2“-ზე საგარეჯოს „გარეჯმა“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
შეხვედრის პირველ ტაიმში ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი დინამოელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მეტოქის კართან რეალური სახიფათო მომენტი ვერ შექმნეს. თავის მხრივ, გიორგი მიქაძის გუნდი ფაქტობრივად ვერ უტევდა.
შესვენებაზე საგარეჯოელთა მოთამაშე ლუკა თოლორდავა შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ავტომობილით კლინიკაში გადაიყვანეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში „გარეჯის“ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, მასპინძელთა ფეხბურთელის თავური სახიფათო აღმოჩნდა. მეორე ტაიმის შუაწელში „დინამოს“ კუთხურს ბრაზილიელი ცენტრალური მცველის ლეო ასუნსეუს თავური მოჰყვა და განელმა ნახევარმცველმა ჯუდ არტურმა ბურთი ცარიელი კარის ხაზიდან გამოიტანა.
72-ე წუთზე თბილისელთა კიდევ ერთი კუთხურის მერე, ასუნსეუმ საჰაერო ორთაბრძოლა ისევ მოუგო და შორეულ კუთხესთან მდგომმა ლუკა ლაცაბიძემ „გარეჯის“ კარი აიღო.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „დინამო“ 55 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა, ხოლო „გარეჯი“ 33 ქულით მერვეა.
გარეჯი 0:1 დინამო თბ
ლაშა თაბაგარი





