ფოთის „კოლხეთმა“, რომელსაც დავით კვირკველია წვრთნის, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 7 მატჩიანი მოუგებელი (1 ფრე და 6 მარცხი) შეწყვიტა. 32-ე ტურში ფოთელები სტუმრად „გაგრას“ შეხვდნენ და 3:1 დაამარცხეს.
მატჩის მე-7 წუთზე ანდრია ბართიშვილი მასპინძლების ნახევარზე ერთ მეტოქეს ფინტით გაცდა და კარგი პასი მისცა საჯარიმოში გახსნილ სანდრო ავალიანს, რომელმაც მარჯვენა ოდნავ მახვილი კუთხიდან ანგარიში გახსნა.
61-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილმა ზუსტი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ნიკოლას-ნიკა კაპანაძე დატოვა, რომელმაც „კოლხეთი“ კიდევ უფრო დააწინაურა. 85-ე წუთზე ფოთელთა შეტევის დროს „გაგრას“ ნახევარზე მყოფმა დავით ფაღავამ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში პასი ავალიანს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. მანამდე, მას კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გოლი არ გაუტანია. 89-ე წუთზე დავით გოცირიძემ სტუმართა საჯარიმოში პასი ბრაზილიელ ვანდერსონ სილვას გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიშში სხვაობ ორ ბურთამდე შეამცირა.
სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის გაწვრთნილი „გაგრა“ 37 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეშვიდეა, ხოლო „კოლხეთი“ 22 ქულით ბოლოა.
გაგრა 1:3 კოლხეთი 1913
ლაშა თაბაგარი





