კვარაცხელიას გოლი და საგოლე პასი ლევერკუზენში

0
17

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-3 ტურში სტუმრად ლევერკუზენის „ბაიერთან“ შეხვდრაში გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა,
პსჟ-მ ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა, როდესაც კუთხურის გათამაშების შემდეგ, ნუნუ მენდეშმა მეტოქის საჯარიმოში ზუსტი პასი პაჩოს გაუკეთა, რომელმაც თავით გაიტანა – 0:1. 25-ე წუთზე პარიზელთა უკრაინელმა მცველმა ზაბარნიმ თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, მაგრამ გრიმალდომ ბურთი გვერდით ძელს მოახვედრა. 31-ე წუთზე გერმანელთა კაპიტანმა ანდრიხმა მოედნის ცენტრში იდაყვი განძრახ ჩაარტყა სახეში დეზირე დუეს. მსაჯმა ანდრიხს ჯერ ყვითელი ბარათი აჩვენა, მაგრამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გააძევა.
37-ე წუთზე ზაბარნიმ საჯარიმოში კოფანე წააქცია და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დადო, ხოლო წესის დამრღვევი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა. პენალტი ალეიშ გარსიამ გამოიყენა – 1:1. 41-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა კვარაცხელიამ პასი დუეს მისცა, რომელმაც თავისი გუნდი დააწინაურა – 1:2.
44-ე წუთზე „ბაიერის“ საჯარიმოში მყოფი კვარაცხელიას დარტყმული ბურთი ჯერ ერთ მცველს მოხვდა, შემდეგ მეორეს და ისევ ქართველს დაუბრუნდა, რომელმაც შეუჩერებლად დაარტყა და ტყავის სფერო ჯერ ერთ გვერდით ძელს შეეხო, მერე მეორეს, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მეორე ბურთი შეაგდო. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე დუემ დუბლი შეასრულა – 1:4.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში ნუნუ მენდეშმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 1:5. 54-ე წუთზე ალეიშ გარსიამ დაახლოებით 30 მეტრიდან ბურთი „ცხრიანში“ გაახვია – 2:5.
კვარაცხელია 63-ე წუთზე უსმან დემბელემ შეცვალა, რომელმაც პსჟ-ს მაისურით მე-100 თამაში ჩაატარა. 66-ე წუთზე მენდეში პასის შემდეგ ბარკოლამ მარცხენა ფრთაზე მცველს სისწრაფეში აჯობა და საჯარიმოში შეჭრილმა პასი დემბელეს გაუკეთა, რომელმაც ბურთი კარში გადაგზავნა – 2:6. 90-ე წუთზე ვიტინიამ დაახლოებოთ 23-24 მეტრიდან დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:7.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი პსჟ 9 ქულით 36 გუნდში პირველ ადგილზეა. პარიზელები ამ ტურნირში მომდევნო თამაშს 5 ნოემბერს სახლში მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი