პოლონეთის ექსტრაკლასას მე-12 ტურში „კრაკოვიამ“, რომლის კაპიტანი ოთარ კაკაბაძეა, „რაკუვი“ მიიღო და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. კრაკოველები 21 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე არიან.
ლისაბონის „სპორტინგი“, სადაც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის, პორტუგალიის თასის 1/32-ფინალში სტუმრად „პასუშ ფერეირას“ შეხვდა და დამატებით დროში 3:2 აჯობა. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
უკრაინის პრემიერლიგის მე-9 ტურში დონეცკის „შახტარი“ გასვლაზე „პოლესიეს“ დაუზავდა – 0:0. საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი დონეცკელთა თადარიგში ყოფნით შემოიფარგლა. ხოლო გიორგი მაისურაძე მასპინძლების განაცხადში არ იყო. „შახტარი“ 18 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა.
ბოსნიის ჩემპიონატის მე-11 ტურში „სარაევომ“ გასვლაზე „რადნიკთან“ ქულები გაიყო – 2:2. სტუმრებს ჩვენი ნაკრების ფორვარდმა გიორგი გულიაშვილმა ორი ტაიმი უკაპიტნა. სარაევოელები 12 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან.
ლაშა თაბაგარი





