აშორტიას დუბლი, ყაზაიშვილის გაცუდებული პენალტი

0
19

იმედა აშორტიამ, რომელიც „ბუნედკორში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, უზბეკეთის სუპერლიგაში თავისი პირველი დუბლი შეასრულა. 25-ე ტურში „ბუნედკორი“ სტუმრად „ნავბახორს“ შეხვდა და ქართველის კარგი თამაშის წყალობით 2:0 დაამარცხა.
შეხვედრის მე-7 წუთზე საჯარიმოში მყოფი აშორტიას დარტყმული ბურთი მცველმა მოიგერია, მაგრამ „ბუნედკორის“ ფორვარდმა ერთი შეხებით დაამატა და ანგარიში გახსნა.
21-ე წუთზე მასპინძლების საჯარიმოში მყოფ აშორტიას ბურთი მეტოქე მცველის ფეხიდან მიუვიდა და მარჯვენა მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა. მან შეუცვლელად ითამაშა და ამ სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში მეტოქეთა კარის 7-ჯერ აიღო, პლუს 2 საგოლე პასი შეასრულა. „ბუნედკორი“ 43 ქულით 16-გუნდიან სატურინო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.
ჩინეთის სუპერლიგის 27-ე ტურში ვაკო ყაზაიშვილის „შანდუნ“ სტუმრად „ჩჟეცზიანს“ შეხვდა და ქულა აიღო. ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-13 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა. ის ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში ჩინეთის ჩემპიონატში 27-ჯერ ითამაშა და 22 გოლის გარდა, 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
იტალიის სერია B-ს მე-8 ტურში „ფროზინონემ“ „მონცა“ მიიღო და 0:1 წააგო. გიორგი კვერნაძე, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად ესპანეთთან 0:2 წაგებულ მატჩში ჰქონდა, მასპინძლების რიგებში 57-ე წუთზე გამოჩნდა.“ფროზინონე“ 14 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა.
პორტუგალიის თასის 1/32-ფინალში „ფამალიკაომ“ სტუმრად „საო ჟეაო ვერი“ 3:0 დაამარცხა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსნახევარმცველმა ოთარ მამაგეიშვილმა გამარჯვებულებში 77-ე წუთიდან ითამაშა.
ლაშა თაბაგარი