მამარდაშვილი: „ესპანელები თამაშს აკონტროლებდნენ და ვერაფერი გავაკეთეთ“

0
14

გიორგი მამარდაშვილის აზრით, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან ვერაფერი გააკეთა და მარცხიც ამან გამოიწვია. ჩვენი გუნდის მეკარემ ამის შესახებ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ელჩეში 0:2 წაგებული თამაშის შემდეგ განაცხადა. მან განვლილ შეხვედრაში ფერან ტორესს პენალტი აუღო. ცნობისთვის, მამარდაშვილმა სანაკრებო დონეზე თამაშიდან თერთმეტმეტრიანი პირველად მოიგერია.
გიორგი მამარდაშვილი: „ესპანეთის ნაკრებთან გასვლაზე თამაში ძალიან რთულია. მეტოქეს ფეხბურთელები აკლდა, მაგრამ სხვებიც ისეთი მოთამაშეები არიან, რომ ჩემი აზრით არაფერი დააკლდათ. ესპანელები თამაშს აკონტროლებდნენ, ვერაფერი გავაკეთეთ და საბოლოოდ დავმარცხდით.
თურქეთთან გასვლაზე თამაში სულ სხვა რამეა, რადგან იქ ფეხბურთი განსხვავებულად უყვართ. ალბათ, სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მოვა და იქნება ატმოსფერო, რომელიც თურქებეს დაეხმარება. თუმცა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ რთული თამაშის შემდეგ ძალა აღვიდგინოთ, კარგად მოვემზადოთ და ჩვენი თამაში ვაჩვენოთ, რომელიც სამწუხაროდ ესპანეთთან ვერ ვაჩვენეთ“.
საქართველოს ნაკრები 14 ოქტომბერს ქალაქ იზმითში თურქეთს შეხვდება, რომელმაც მესამე ტურში სტუმრად ბულგარეთი 6:1 გაანადგურა. ჯგუფში ესპანეთი 9 ქულით ლიდერია, ხოლო თურქეთი 6 ქულით მეორე. საქართველო 3 ქულით მესამეა, უქულო ბულგარეთი კი ბოლოა. ჯგუფში გამარჯვებული მსოფლიო პირველობის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდება. მეორე ადგილზე გასული გუნდი პლეი-ოფში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი
ლაშა თაბაგარი