18 სექტემბერს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სლოვაკეთის ნაკრებს უმასპინძლებს.
ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში 17 სექტემბერს, მატჩის მასპინძელ დარბაზში ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მატჩის წინ კომენტარი ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და მოთამაშე გიორგი ღავთაძემ გააკეთეს.
ავთანდილ ასათიანი: „ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თამაში ჩაატარა ნაკრებმა და ამ მხრივ ბიჭები უკვე მომზადებულები არიან. ტაქტიკურად და თეორიულად ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. ვფიქრობ, მზად ვართ თამაშისთვის, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მოედანზე გადაწყდება.
სწორედ ამისთვის იყო შესარჩევი ეტაპი, რომ აქამდე მოვსულიყავით. კარგია, რომ ვისწავლეთ ფინალამდე მისვლა და ვფიქრობ, სლოვაკეთთან ორ მატჩში ბევრი რამ გამოჩნდება.
დიდ იმედს ვამყარებ ჩვენს გულშემატკივრებზე, რადგან მათ გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. მოვუწოდებ ყველას, რომ გვერდით დაგვიდგნენ და ერთად დავიმსახუროთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა”.
გიორგი ღავთაძე: „აქამდე მოსვლა მარტივი არ ყოფილა – რთული გზა და დაძაბული მატჩები გამოვიარეთ. მაგალითად, კოსოვოსთან შეხვედრები, რომლებმაც მოგვცა აქ თამაშის უფლება.
ვფიქრობ, ჩვენ და სლოვაკეთს თანაბარი შანსები გვაქვს. მაგრამ ამ ორ თამაშში იმ გუნდს ექნება უპირატესობა, ვინც უფრო მეტად იბრძოლებს, სწორად ითამაშებს და რაც მთავარია, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს სწორედ ის გავა ევროპის ჩემპიონატზე.
სულ სხვა შეგრძნებაა, როდესაც სავსე დარბაზში თამაშობ. გულშემატკივრების მხარდაჭერას ველოდებით, რადგან ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ”.
საქართველო – სლოვაკეთის მატჩი 18 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. მატჩზე დასწრება თავისუფალია. პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა 23 სექტემბერს, ბრატისლავაში გაიმართება.





