კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ლიდერი შეიცვალა. 24-ე ტურში გია გეგუჩაძის გაწვრთნილი „იბერია“ შინ აუტსაიდერ ფოთის „კოლხეთთან“ დამარცხდა, ხოლო „დილამ“ თავის მოედანზე ბათუმის „დინამოს“ აჯობა და სატურნირო ცხრილში თბილისელებს გაასწრო.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 73-ე წუთზე ფოთელთა შეტევის დროს უკრაინელმა რომან პლიუშნიმ ბურთი ნიკოლას-ნიკა კაპანაძეს გადააწოდა, რომელიც საჯარიმოში შევიდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. მთავარმა მსაჯმა ბაკურ ნინუამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, კარის აღებს დააფიქსირა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე დავით ფაღავა მეტოქის საჯარიმოში ორ მცველს გაცდა და დაარტყა, მაგრამ ლუკა სილაგაძემ დააფარა, ხოლო გიზო მამაგეიშვილი შეეცადა არ დანიშნულიყო, რის გამო, პასი კარიდან გამოსულ გიორგი მაკარიძეს გაუკეთა, თუმცა ბურთი ფაღავას „ჩააბარა“, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.
„კოლხეთმა“ ზედიზედ 12 ტურის შემდეგ პირველად გაიმარჯვა. ფოთელებმა 29 აპრილის შემდეგ მოგების გემო არ იცოდნენ. „იბერია“, რომელიც პირველი ტურიდან ლიდერობდა 52 ქულით მეორე ადგილზე დაქვეითა, ხოლო დავით კვირკველიას გაწვრთნილი „კოლხეთი“ მეორეა.
იბერია 1999 0:2 კოლხეთი 1913
გორში გამართული მატჩის მე-13 წუთზე ბათმელები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ, რადგან ბათუმელთა უკრაინელმა ლეგიონერმა დიმიტრი მანდრიჩენკომ სახეში ფეხი უთავაზა ალექსანდრე ანდრონიკაშვილს და არბიტრმა ბაქარ ბრეგვაძემ გააძევა.
66-ე წუთზე „დინამო“ მოედანზე 9 კაცით დარჩა, რადგან ხოზრევანიძემ, რომელსაც ყვითელი ბარათი ჰქონდა, ტრავმის გამო მოედანი დატოვა და უკან მსაჯის დაუკითხავად დაბრუნდა, რის გამო მეორედ „გააყვითლეს“. 85-ე წუთზე ბრეგვაძემ „დილას“ კარში პენალტი ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა და ანდრონიკაშვილმა ანგარიში გახსნა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე ოთარ ფარულავამ მეკარესთან პირისპირ ებრაელი აბდალა დატოვა, რომელმაც დებიუტი გოლით აღნიშნა.
იტალიელი დიეგო ლონგოს თავკაცობით „დილამ“ 53 ქულა დააგროვა და პირველია, ხოლო გიორგი ჭიაბრიშვილის დამოძღვრილი „დინამო“ 35 ქულით მეხუთეა.
დილა 2:0 დინამო ბთ
ლაშა თაბაგარი





