საქართველოს ნაკრებმა სპიროს კიპრიანუს დარბაზში პირველი ვარჯიში გამართა. პრაღიდან ლიმასოლამდე 12-საათიანი მგზავრობის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრებს ძალების აღსადგენად სტანდარტული ღამე არ ჰქონიათ და შესაბამისად, არც ვარჯიში იყო დატვირთული. მოედანზე გასვლამდე ჩვენი ნაკრების წევრებმა დარბაზში მდებარე ფიტნესისთვის გამოყოფილ სივრცეში ივარჯიშეს, რის შემდეგაც კალათბურთის დროც დადგა.
15-დღიანი პაუზის შემდეგ ნაკრებთან პირველად ივარჯიშა თორნიკე შენგელიამ. ნაკრების კაპიტანს გულის არითმიის გამო შეკრების დატოვება 9 აგვისტოს მოუხდა და ლიეტუვადან ესპანეთში გაემგზავრა, სადაც თავისმა ახალმა კლუბმა ბარსელონამ საფუძვლიანი კვლევა ჩაუტარა და ნაკრებში დასაბრუნებლად მწვანე აუნთო.
შენგელიამ გუნდთან ერთად სტანდარტულ კომბინაციებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მეტი დრო ინდივიდუალურ ვარჯიშს დაუთმო, რომელიც ქართველ ფორვარდს კატალონიურმა კლუბმა შეუდგინა. საათნახევრიანი საკალათბურთო ვარჯიშების შემდეგ პირველი ლიმასოლური ვარჯიში დასრულდა. 26 აგვისტოდან კი სპიროს კიპრიანუ არენაზე ოფიციალური ვარჯიშები იწყება, რომელსაც აკრედიტებული მედიაც დაესწრება.





