კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მეორე სათამაშო დღის პირველ მატჩში გიორგი ონიანის ხელმძღვანელობით „გაგრამ“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და 2:0 დაამარცხა.
შეხვედრის 28-ე წუთზე რატი არდაზიშვილი მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და ჩააწოდა, ხოლო მეკარე ნოდარ ყალიჩავას ცუდად მოგერიებული ბურთი დავით მუჯირმა კარში გაგზავნა, მაგრამ სტუმართა გოლკიპერმა რეაგირება მოახდინა, თუმცა განელი რიჩმონდ ადეიეიეს დარტყმულთან ვერაფერი გააწყო – 1:0.
35-ე წუთზე გაგრელთა ნახევარმცველმა გია ნადარეიშვილმა უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიიღო და ერთ წუთში თამაშის წესი ისევ დაარღვია, რის გამო, მეორედ „გააყვითლეს“, რასაც ავტომატურად გაძევება მოჰყვა.
მე-60 წუთზე მასპინძლების კონტრშეტევის დროს რატი არდაზიშვილმა მეტოქის საჯარიმოში გახსნილი მუჯირი მოძებნა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
„გაგრა“ 26 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, ხოლო ბრაზილიელი ტიაგო გომესის გაწვრთნილი „სამგურალი“ 23 ქულით მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი





