„იბერია“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

0
26

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „იბერიამ“ საშინაო მატჩი შვედეთის „მალმიოსთან“ 1:3 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასვლის მიზერული შანსი ჰქონდა. საბოლოოდ, პროგნოზი გამართლდა და შვედები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, სადაც ლაშა ოდიშარიას „რიგასს“ დაუპირისპირდებიან. „იბერია“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს და ტალინის „ლევადიას“ შეხვდება.
30-ე წუთზე შვედების შეტევის დროს მარჯვენა ფლანგიდან სტრიგერმა ჩააწოდა „იბერიას“ საჯარიმოში, სადაც ბურთი ბუზანელოს მიუვიდა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან კარს ააცილა. პირველ ტაიმში მეტი საინტერესო არაფერი მომხდარა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ თბილისში ჩატარებული მატჩის პირველი ნახევრისგან განსხვავებით, ლევან კორღალიძის გაწვრთნილებმა გაცილებით უკეთესად ითამაშეს – ბურთიც გააკონტროლეს და რამდენიმეჯერ შოირ მანძილიდან კარში დაარტყეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში „მალმიოს“ იერიშის დროს ტაჰალი ალი თბილისელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მაკარიძემ მოიგერია.
55-ე წუთზე იონსენმა თავის ნახევრიდან პასი ტაჰა ალის გაუკეთა, რომელმაც „იბერიას“ საჯარიმოსთან ახლოს მყოფი ზოჰორის უხეში შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიში გახსნა – 0:1.
მე-60 წუთზე ტაჰა ალიმ კარგად შეაყოლა პასი სტუმართა საჯარიმოში გუდიონსენს, რომელიც მაკარიძესთან მარტო დარჩა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარემ კუთხურზე მოიგერია. სტანდარტული როზენგრენმა შეასრულა და იანსონმა თავით გაიტანა – 2:0.
62-ე წუთზე გუნდების კაპიტნების გიზო მამაგეიშვილის და იანსონის წაკინკლავების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი გააძევეს, ხოლო შვედს ყვითელი ბარათი აჩვენეს, ყველაფერი მამაგეიშვილის და როზენგრენის ორთაბრძოლით დაიწყო, როდესაც გიზო მეტოქემ წააქცია და ქართველმა „ხურდა“ დაუბრუნა, ხოლო თანაგუნდელს იანსონი გამოექომაგა.
64-ე წუთზე გიორგი ტაბატაძემ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მასპინძლების კართან ახლოს ჩაჰკიდა და აგიაკვას თავურის შემდეგ, ელბორგმა თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში, გიორგი ტაბატაძემ ჯარიმა უკვე მარჯვენა ფლანგიდან შეასრულა და შვედების კართან ახლოს მდგომი გიორგი ჯგერენაია ბურთს ვერ მიწვდა.
78-ე წუთზე ჰაკსაბანოვიჩმა დაახლოებით 25 მეტრიდან ძალიან სახიფათოდ დაარტყა და მაკარიძემ ნახტომში რთული ბურთი მოიგერია. 87-ე წუთზე მაკარიძემ ახლო მანძილიდან ბოლინს არ გაატანინა. 89-ე წუთზე ტაჰა ალიმ დაიწყო კომბინაცია, რომელიც როზენგრენის კარგი პასის შემდეგ, საჯარიმოში შეჭრილმა თავად ზუსტი დარტყმით დაასრულა – 3:0.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ამირან ძაგანიამ დაახლოებით 20 მეტრიდან დაარტყა და ერთი ბურთი გაქვითა.
„იბერია“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ შეხვედრას სტუმრად 24 ივლისს ტალინში „ლევადიასთან“ ჩაატარებს.
„მალმიო“ (შვედეთი) – „იბერია“ (თბილისი) 3:1 (0:0)
15 ივლისი. მალმიო. „ელედა სტადიონ“
„მალმიო“:
ელბორგი, სტრიგერი, იანსონი (კ) (ლევიცკი, 65), როსლერი, ბუზანელო (ჰაკსაბანოვიჩი, 75), კარლსონი (ზატერსტრიომი, 46), როზენგრენი, იონსენი (ბოლინი, 65), ბერგი, გუდიონსენი (კიესე, 65), ალი.
მთავარი მწვრთნელი:
 ჰენრიკ რიდსტრიომი.
„იბერია“: მაკარიძე, ზოჰური, აგიაკვა, ჯგერენაია, გიორგი ტაბატაძე (ახვლედიანი, 86), ქარდავა (ძაგანია, 66), გიზო მამაგეიშვილი (კ), დადიანი, სილაგაძე (ვრბანეცი, 61), რუშევიჩი (ხორხელი, 61), იური ტაბატაძე (ქობულაძე, 86).
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე.
გოლები: 1:0 ტაჰა ალი (55), 2:0 იანსონი (60), 3:0 ტაჰა ალი (89), 3:1 ძაგანია (90+3).
გაფრთხილება:
იონსენი (34), იანსონი (63), ჯგერენაია (69), მაკარიძე (73)ხორხელი (80), გიორგი ტაბატაძე (81)
გაძევება: გიზო მამაგეიშვილი (62).
მთავარი მსაჯი:
რომან ლისორჟი (საფრანგეთი).